პარლამენტმა 77 ხმით, მესამე მოსმენით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მიიღო.
პროექტი სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა წარადგინა.
პროექტით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონიდან ხდება იმ მომსახურებების ამოღება, რომლისთვისაც სახელმწიფო ბაჟის სახით თანხა აღარ გადაიხდება.
კერძოდ, ესენია: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ დოკუმენტების გაცემა, აგრეთვე, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება, იმავე სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების ლეგალიზაცია.
აქედან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილება განხორციელდება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონშიც.