პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და დაამტკიცა „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი.
მომხსენებელმა, განათლების, მეცნიერებისა და ახლგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განმარტა, რომ ცვლილების თანახმად, „საქართველოს საარჩევნო კოდექსს“ ემატება ნორმა, რომლის მიხედვითაც პარტია უფლებამოსილი გახდება, პარტიული სიის შედგენისას, საარჩევნო ოლქის (ოლქების) ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად განსაზღვროს პარლამენტის წევრობის კანდიდატი. პარლამენტის წევრობის კანდიდატი შესაძლებელია განისაზღვროს მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატად. ამ შემთხვევაში პარტიულ სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატის გასწვრივ მიეთითება იმ საარჩევნო ოლქის ნომერი, რომელი საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დელეგატადაც არის იგი წარდგენილი.
პროექტით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც სხვებზე მეტ ნამდვილ ხმას მიიღებს. თუ აღნიშნულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტი ნამდვილი ხმა ორმა ან ორზე მეტმა კანდიდატმა თანაბარი რაოდენობით მიიღო, ამ კანდიდატთაგან არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც საარჩევნო რეგისტრაცია უფრო ადრე გაიარა.
მომხსენებლის განმარტებით, კომიტეტზე მესამე მოსმენისას პროექტში განხორციელდა რიგი რედაქციული ხასიათის შენიშვნები, რომელთაც ტექსტის შინაარსში არსებითი ცვლილება არ გამოუწვევია.
პარლამენტმა 81 ხმით დაუჭირა მხარი კანონპროექტს.