ოზურგეთში მუზეუმების საერთაშორისო დღე საინტერესო და აქტუალური შემოქმედებითი ღონისძიებით აღნიშნეს.
ეს იყო არა მარტო აღნიშვნა, არამედ სერიოზული ნაბიჯი ცოდნის გასავრცელებლად და გასამყარებლად, განსაკუთრებით მოსწავლე ახალგაზრდობაში.
“მუზეუმები განათლებისა და კვლევისათვის“ _ამ სლოგანით მუზეუმის თანამშრომლებმა სხვადასხვა მიმართულებებით, კერძოდ, „ევროპული მონეტები და ოზურგეთი“, საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს.
ყველაზე დიდი მოწონება კი წილად ხვდა საჯარო სკოლების მოსწავლეთა პრეზენტაციას, რომელიც მუზეუმის ფონდების მცველის, ისტორიკოს მანანა ლომაძის პროექტს: „მე ვიცი ჩემი ქუჩის ისტორია“ დაეთმო.
ისტორიულ მუზეუმში, საჯარო და სამრევლო სკოლების მოსწავლეებმა, საგანმანათლებლო პროექტის – „მე ვიცი ჩემი ქუჩის ისტორია“ ფარგლებში საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.
მათ დეტალურად ისაუბრეს და ვიდეორგოლების თუ სლაიდების სახით წარმოადგინეს იმ ქუჩების ისტორიები, სადაც თავად ცხოვრობენ.
_ეს იყო საუკეთესო გამოწვევა, რათა ნებისმიერმა მოქალაქემ იცოდეს თავისი ქუჩის ისტორია, სადაც დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობს. ასევე საინტერესო და შინაარსიანი იყო მუშაობის პროცესი, – აღნიშნეს მოსწავლეებმა ღონისძიების დასასრულს, როცა ისინი სიგელებით დააჯილდოვეს.
სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა, ლანა ქავთარაძემ, მისასალმებელი გამოსვლისას თქვა, რომ მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მათ საინტერესოდ წარმოადგინეს თემა: „მუზეუმები კვლევისთვის და განათლებისთვის“.
_ამ კუთხით, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გავაკეთოთ ყველაფერი და ვფიქრობ, გამოგვდის, -განაცხადა მან.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას კარგად ეტყობოდა ქალბატონ ლანას ნათქვამის იერი-გუნდურად ნამუშევარ საქმეს მოსწავლეებმა საუკეთესოდ აუღეს ალღო და ქუჩების ისტორია სრულფასოვნად წარმოადგინეს.
ღონისძიების დასასრულს, როგორც ვთქვით, პროექტში გამარჯვებული მოსწავლეები სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა, ლანა ქავთარაძემ და ოზურგეთის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსმა, ლალი სიჭინავამ სიგელებით დააჯილდოვეს.
ღონისძიებას, საზოგადოების და სკოლების პედაგოგებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირები, საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ.
ავტორი