ამსტერდამში, „სხიპჰოლის“ აეროპორტში ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ის ავიაკომპანია KLM Cityhopper-ის სამგზავრო თვითმფრინავის მომუშავე ძრავმა შეისრუტა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ოთხშაბათს მოხდა, როდესაც თვითმფრინავი Embraer E190 აფრენისთვის ემზადება. ის დანიაში, ბილუნში უნდა გამგზავრებულიყო.
„დღეს „სხიპჰოლში“ მოხდა ინციდენტი, რომლის შედეგადაც ადამიანი თვითმფრინავის მომუშავე ძრავში აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ეს ადამიანი დაიღუპა. ჩვენ ვზრუნავთ მგზავრებსა და თანამშრომლებზე, რომლებიც ამ ინციდენტის თვითმხილველები გახდნენ“, – აღნიშნულია KLM-ის განცხადებაში.
ნიდერლანდების სამეფო პოლიციამ, რომელიც აეროპორტში უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, განაცხადა, რომ ინციდენტის შემდეგ მგზავრები თვითმფრინავიდან გამოიყვანეს. დაწყებულია გამოძიება.
დაღუპულის ვინაობა დადგენილი არ არის. სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ შესაძლოა ის აეროპორტის თანამშრომელი ყოფილიყო, მაგრამ გამოცემა Algemeen Dagblad (AD) წერს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ადამიანი ძრავთან მოულოდნელად აღმოჩნდა.
რაც შეეხება რეისს, ის 6-საათიანი დაგვიანებით, სხვა ბორტმა შეასრულა. დანიაში ჩაფრენის შემდეგ მგზავრებს ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიეს.