წელიწადის დროებზე მრავალგზის თქმულ თუ დაწერილ პოეტურ ქმნილებებს, მეტაფორების სიმრავლითა თუ ლირიული წიაღსვლებით, ვინ მოთვლის, რამდენჯერ შევხვედრივართ. თუმცა სულ სხვა, გაცილებით ინოვაციური და ახლებურად ნათქვამი აღმოჩნდა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის ოთხი პარალელური ჯგუფის ზეიმი, რომელიც შედგა ოზურგეთის საფეხბურთი კლუბ „მერცხალის“ სტადიონზე. სცენარის სახელწოდებაც შესაბამისი იყო: „წელიწადის ოთხი დრო“.
ვინ მოიფიქრა, რომ მეოთხე კლასის ოთხ პარალელურ ჯგუფს, იგივე მერცხლებს ,ბუდიდან ასაფრენი ზეიმი „მერცხალის“ მოედანზე მოეწყოთ და მშობლებს, ბავშვებს, სტუმრებს ასეთი სისავსით შეეგრძნოთ ღონისძიების სრულყოფილება?
_ზეიმი, რომელიც ოზურგეთის „მერცხალის “ სტადიონზე შედგა, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის მეოთხე კლასის, ოთხი პარალელური კლასის გამოსამშვიდობებელი საღამო იყო, გაერთიანებული ფორმით წარმოდგენილი. სცენარს ეწოდა „წელიწადის ოთხი დრო“ და ეს იდეა ოთხივე კლასის დამრიგებლებს: ნატალია თავართქილაძეს, რუსუდან ანთიძეს, ნინო სადრაძეს და ირინა ყაზაიშვილს ეკუთვნით. სცენარი, რომელიც საუკეთესოდ არის შედგენილი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული და ლიტერატურული თვლსაზრისით, ემოციურ განწყობას უქმნის ყველა აქ მყოფს, _ თქვა სკოლის დირექტორმა ფატი სიორიძემ.
საუცხოო კოსტიუმებით, პასუხისიმგებლობით და კარგად შერჩეული სიმღერებით, ტექსტებით, ქორეოგრაფიული ნომრებით შედგენილი სცენარი, ერთი საათის განმავლობაში, ბავშვებმა საუცხოო გარდასახვით წარუდგინეს მაყურებლებს. ერთ მთლიან თაიგულივით შექმნილ შემოქმედებით სპექტაკლს, მოსწავლეებმა სრულფასოვანი ელფერი თანაბრად მიანიჭეს და ძნელი იყო თითოეულის გამოცალკევება. სული კი ამ ყველაფერს ჩაუდგეს სცენარის ავტორმა, ელენე მაცხონაშვილმა, რეჟისორმა ვახო ჩხარტიშვილმა, ქორეოგრაფებმა, მუსიკალური გაფორმების ვირტუოზმა, მაია თოთიბაძემ . სანახაობას გრანდიოზული ელფერი და მკვეთრი ეფექტი მაინც „მერცხალის“ მოედანზე წარმოდგენამ მიანიჭა, სადაც იდუმალი სილამაზის ეფექტს ქმნიდა გაშლილი, ღია სივრცის უსასრულობა.
„ბევრი გაზაფხული და გამარჯვება მოვა, წარმატებით ივლით შორ და სწორ გზებზე, ბევრი სიყვარული მოვა. სადაც არ უნდა იყოთ, არ დაგვივიწყოთ ჩვენ და არ დაკარგოთ ერთმანეთი, შეინარჩუნეთ საკუთარი თავი. ჩვენ კი გპირდებით, გვეყვარებით, მუდამ გვემახსოვრებით და ჩვენს მხურვალე ლოცვას მუდამ დაგაწევთ უკან,“-მიმართეს კლასების დამრიგებლებმა ბავშვებს.
ემოციური იყო სკოლის დირექტორის , ფატი სიორიძის მიმართვა: „ჯერ ბავშვი ხარ და გეგაზაფხულება, მერე იზრდები, ტემპერატურა იმატებს და თავგადასავლებთან ერთად ზაფხულში ეშვები; მერე უფრო იზრდები, გამოცდილი და ბრძენი ხდები, ეს ხანა შემოდგომასავით დინჯია. მერე სულ იზრდები და იზრდები, ასაკი ისევ გემატება. ეს ასაკი ზამთარს წააგავს, მყუდრო და სევდიანია. მე მინდა, თქვენი ცხოვრება, თქვენი წელიწადის დროები იყოს ლაღი, ღირსეული. გისურვოთ, თქვენი ცხოვრება იყოს თავისუფალი, ლაღი. იყოს წვიმა და თოვლი, თუმცა არ შეშინდეთ. მზე მუდამ გამოანათებს თქვენთვის, თქვენთან ახლოს, თქვენი მომავლის საკეთილდღეოდ“.
ქალბატონმა ფატიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ასეთ სივრცეში ზეიმის მოწყობისთვის და მეოთხე კლასის ოთხივე ჯგუფის დამრიგებელი საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.
ავტორი