გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ლელა იმედაშვილმა, რომელიც ახლახან გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან, განათლების სამინისტროში შეიტანა საპრეტენზიო განაცხადი.
„გურია ნიუსი“ დაუკავშირდა ქალბატონ ლელას. მან დაადასტურა ეს ინფორმაცია და დაგვთანხმდა კომენტარის გაკეთებასაც, რასაც უცვლელად გთავაზობთ:
_როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 5 ივნისს, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მივიღე პასუხი, რომლითაც მაცნობეს, რომ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე, ჩემი კანდიდატურა არ შეირჩა. მიმაჩნია, რომ ჩემი კომპეტენცია და მრავალწლიანი გამოცდილება სავსებით პასუხობს კონკურსის მოთხოვნებს. შესაბამისად, არ ვეთანხმები კომისიის გადაწყვეტილებას და კანონით დადგენილ ვადაში, 7 ივნისს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შევიტანე საპრეტენზიო განაცხადი. ვითხოვ, განმიმარტონ, გასაუბრებისას რომელი კრიტერიუმი ვერ დავაკმაყოფილე და რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი. ამასთან, გამოვითხოვე ყველა საჭირო დოკუმენტაცია იმისთვის, რომ გავაგრძელო სამართლებრივი დავა შემდეგ ინსტანციებში, _ გვითხრა ლელა იმედაშვილმა.
ავტორი