თუ ხშირად ამბობთ უარს საუზმეზე, თქვენს ორგანიზმს აკლია კალციუმი, რომელსაც დიდი რაოდენობით შეიცავს რძის პროდუქტები – კეფირი, იოგურტი, რძიანი ფაფა და ასე შემდეგ. კალციუმი არეგულირებს წნევას და ამცირებს ოსტეოქონდროზის რისკს. თუ დილით არ შეგიძლიათ, ისაუზმოთ, მაშინ რძის პროდუქტი დღისით მიირთვით, მაგალითად, სადილზე. თუ რძის პროდუქტს საერთოდ ვერ იტანთ, მაშინ მიიღეთ კალციგლუკონატი ან ვიტამინების კომპლექსი კალციუმის მაღალი შემცველობით.
თუ დიეტური დანამატების, მადის დამაოკებელი აბების, გასახდომი კოქტეილების მომხმარებელი ხართ, მაშინ გაკლიათ ფიტოელემენტები, რომლებსაც ბევრი ნატურალური პროდუქტი შეიცავს. ამ ნივთიერებებისთვის არ არსებობს რაიმე განსაზღვრული ნორმა. ისინი კიბოს გაჩენისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებენ. რაც შეიძლება ბევრი ჭამეთ სხვადასხვა სახის ბოსტნეული და ხილი. ანანასის შემადგენლობაში არსებული ბრომელაინი უჯრედებში ენერგეტიკულ პროცესებს ააქტიურებს. ყურძენს კი, გულის მუშაობის სტიმულირება შეუძლია.
თუ ბევრს ეწევით, თქვენს ორგანიზმს აკლია ვიტამინი C. ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ხშირად გაციებას, გადაღლას, ღრძილების დაავადებას, უძილობას. ხშირად სვით ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი, მიირთვით მჟავე კომბოსტო და ტკბილი წიწაკა. ზოგადად, C ვიტამინი თითქმის ყველა სახის ბოსტნეულსა და ხილშია.
თუ ვეგეტარიანელი ხართ, თქვენს ორგანიზმს აკლია რკინა და B ჯგუფის ვიტამინები. ორგანიზმი მცენარეული საკვებიდან რკინას ცუდად ითვისებს, რკინის ნაკლებობამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ანემია და საერთო სისუსტე. ხოლო B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობამ კი – ნერვული სისტემის მოშლა. მცენარეულ საკვებში შემავალი რკინა C ვიტამინთან ერთად უკეთ შეითვისება ორგანიზმის მიერ. B ჯგუფის ვიტამინების აღსადგენად კი რაციონში ჩართეთ მეტი პარკოსნები და მიიღეთ პოლივიტამინები.
ავტორი