მტკიცებულებების განადგურების ფაქტზე, 12 წლის ანა იანუშაიტიტეს საქმის არსებითი განხილვა დაიწყო საქალაქო სასამართლოში.
პროცესს ბრალდებული, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტი დავით გრიგოლიაც ესწრება.
ის ბრალს არ აღიარებს და არც კომენტარს აკეთებს. პროცესზეა 12 წლის გოგონას დედაც.
“თავიდან, იმ ღამესვე, არასწორად იყო დაყენებული პრიორიტეტები. ცდილობდნენ დავერწმუნებინე, რომ ბავშვი მოიწამლა და თავისით დაიხრჩო და ამის გამო, პირველივე ღამეს და შემდგომ, როდესაც ითვლება, რომ არის ცხელი კვალი, ძებნა სწორად არ მიმდინარეობდა. ჩემი ქალიშვილის ანაწმენდები გაანადგურა სწორედ ექსპერტმა. მან არ აიღო სწორად, ვერ შეინახა ასევე რის შედეგადაც ის დაობდა.
მაინც ველოდები, რომ სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს.” ამბობს ანა იანუშაიტიტეს დედა.
ოჯახის ადვოკატის თქმით, დაობებული მტკიცებულებები ჰააგაში გადაიგზავნა და ახლა საერთაშორისო ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს სავარაუდო დამნაშავის დნმ.
შეგახსენებთ, რომ ანა იანუშაიტიტე 2023 წლის 16 მარტს, ღამით დიდ დიღომში გაუჩინარდა. მანამდე 12 წლის გოგონა მისი სახლის მიმდებარედ სეირნობდა, შემთხვევამდე ის არაერთმა მეზობელმა ნახა. მთელი ღამის ძებნის შემდეგ, 17 მარტს გოგონა დაღუპული იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნით, 12 წლის ანას სხეულზე 39 დაზიანება, სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები აღენიშნებოდა.
რამდენიმე თვის წინ კი ცნობილი გახდა, რომ გამოძიებაში მონაწილე ექსპერტს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა.
პროკურატურამ 2023 წლის ოქტომბერში ექსპერტს თავდაპირველად ბრალი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე წარუდგინა (სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), რაც, სასამართლოს საშუალებას მისცემდა, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ექსპერტი მინიმალური სასჯელით – ჯარიმის დაკისრებით – გაეთავისუფლებინა. ოჯახისა და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატების არაერთი მიმართვის შემდეგ, 2024 წლის 9 იანვარს, პროკურატურამ ბრალი დააზუსტა და 370-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გადააკვალიფიცირა, რაც გულისხმობს მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას, რაც ექსპერტის მიერ გაუფრთხილებლობით საექსპერტო კვლევის ობიექტის დაუცველობაში გამოიხატა. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით, ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ექსპერტს, აღკვეთის ღონისძიების სახით, შეფარდებული აქვს გირაო 2500 ლარის ოდენობის.
წყარო: მთავარიტვ