ლგბტ პრაიდი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს დაწყებული რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის შემდეგ კიევში პირველად ჩატარდა, იქნება გზავნილი რუსეთის პრეზიდენტისადმი. ვლადიმერ პუტინს მიაწვდიან გზავნილს, რომ უკრაინელებს სურთ დასავლური ფასეულობების ქვეყანაში ცხოვრება და არა რუსეთთან, რომელიც ძალაზე და რეპრესიებზეა დაფუძნებული. ამის შესახებ სტატიას The Washington Post აქვეყნებს.
ეს, ასევე, არის პროტესტი უკრაინის შიდა პოლიტიკის წინააღმდეგ, სადაც ლგბტ პირები, მათ შორის მებრძოლები, ვინც ფრონტზე ქვეყანას იცავს, მარგინალიზებულები არიან.
„რუსულმა აგრესიამ უკრაინა ევროპასთან კიდევ უფრო მეტად დააახლოვა. უკრაინის გადარჩენა დღეს პირდაპირ არის დამოკიდებული დასავლეთთან კავშირებზე და დემოკრატიის ბასტიონის იმიჯის შენარჩუნებაზე. ეს რუსეთის ავტორიტარიზმთან და კონსერვატიულ ფასეულობებთან სრულ წინააღმდეგობაშია, მაგრამ უკრაინის ლგბტ საზოგადოების წარმომადგენლებისთვის რეალობა კვლავ ძალზე რთულია,“ – წერს The Washington Post.
გამოცემა წერს, რომ დღეს ლგბტ პირებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახური შეუძლიათ. ამასთანავე, კანონი, რომელიც სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიადაგზე დანაშაულის კატეგორიას აფართოებს, ასევე რომელიც ერთნაირსქესიან პარტნიორობას უშვებს, უკრაინის პარლამენტში დაიბლოკა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ლგბტ პირების თაობაზე ჯარში არსებულ მდგომარეობაზე კომენტარს არ აკეთებს და მხოლოდ აცხადებს, რომ ჯარში ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა შემთხვევა შესწავლილი იქნება.
ამასთანავე, ლგბტ ჯარისკაცები რეგულარულად აწყდებიან დევნას შეიარაღებულ ძალებში, ინტერნეტში და ქალაქის ქუჩებშიც კი. ასე, მაგალითად, ტრანსგენდერ ჯარისკაცს ფრონტიდან სახლში დაბრუნების შემდეგ გასულ წელს ლვოვის ქუჩაში თავს დაესხნენ.
ლესბოსელი ქალი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მოსამსახურე მარია ვოლია ინტერნეტში სერიოზული ბულინგის მსხვერპლი გახდა. მას თავის მოკვლაც კი ჰქონდა გადაწყვეტილი. ამის შემდეგ მას ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდა.
ვოლია ჰყვება, რომ თავის პარტნიორ ქალთან ურთიერთობების დაკანონება სურს და, როდესაც ამ მოთხოვნით კიევის მერიასთან აქცია მოაწყო, საპასუხოდ იქ შეკრებილი ხალხი უყვიროდა, რომ სჯობს, ფრონტზე დაბრუნდეს.
ამ და სხვა ფაქტების გამო, მარია ვოლია და მისი პარტნიორი ქალი, დიანა ხარასკო, ლგბტ პრაიდზე გავიდნენ. პოლიციამ მარშზე მხოლოდ 500 ადამიანი დაუშვა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე 100 მეტრის გავლის უფლება მისცა. როდესაც მარში დაიშალა, იქ ულტრამემარჯვენე დემონსტრანტები შეიკრიბნენ და ლგბტ პრაიდი გააპროტესტეს.
„ეს ღონისძიება არის იმის შეხსენება, რომ უკრაინა ომის პირობებში იმყოფება და საერთო ღირებულებებისთვის იბრძვის. თანასწორობა და მრავალფეროვნება ამის საკვანძო ნაწილია“, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა უკრაინაში გასულ ვეისიემ, რომელიც სხვა დიპლომატების მსგავსად, პრაიდში მონაწილეობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ პრაიდი კიევში მხოლოდ რამდენიმე წუთი მიმდინარეობდა, უკრაინელი ლგბტ სამხედროები ამბობენ, რომ მათთვის, ღირსებისთვის და უფლებებისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა და ახლა ისინი ფრონტზეც სულ სხვა განწყობით დაბრუნდებიან.
ავტორი