ხვალ, ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება.
მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ ჩეხეთი ძლიერი ნაკრებია და მათთან თამაში მარტივი არ იქნება.
“დიდი ემოციების შეხვედრა იყო, საინტერესო რაღაცები ვაჩვენეთ. გუნდმა კარგად დაისვენა, მხოლოდ კიტეიშვილი არ არის მზად. რაც შეეხება მოლოდინს, შედეგზე ვართ პასუხისმგებელი. ეს იქნება განსხვავებული, სხვა პროფილის შეხვედრა. ჩეხეთის ნაკრები ძალიან გამოცდილია, სხვა სტილით თამაშობს და მარტივი არ იქნება მათთან თამაში. ძალიან ძლიერი ნაკრებია, საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით ჩაატარა და მეტოქეს პატივი უნდა ვცეთ. თურქეთთან თამაშამდე კონცენტრირებულები ვიყავით საკუთარ თავზე და არა მეტოქეზე, ასე იქნება ახლაც, მთავარი იქნება ჩვენი თამაში”,_ განაცხადა სანიოლმა.
რაც შეეხება ეროვნული ნაკრების შემადგენლობას, სანიოლმა თქვა, რომ ცვლილებები იქნება, თუმცა არ დააკონკრეტა.
“შემადგენლობის შესახებ, ამ ეტაპზე, ვერაფერს ვერ გეტყვით. ზოგჯერ, ცვლილების გაკეთება და ახალი ენერგიის შემოტანა საჭიროა. უნდა გამოვიყენოთ ეს შანსი და გავხდეთ უკეთესები, რომ მომავალში უფრო მეტს მივაღწიოთ. თუ მხოლოდ 11 ფეხბურთელს იყენებ, ეს არ არის დადებითი. ვფიქრობ, იქნება რაღაც ცვლილებები, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით”,_ თქვა სანიოლმა.
ცნობისთვის, საქართველო-ჩეხეთის შეხვედრა ჰამბურგში ხვალ, 17 საათზე დაიწყება.