საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობის დაკავება 11 ადამიანს სურს. საპროკურორო საბჭოს ცნობით, 27 ივნისს დამატებით კიდევ 2 კანდიდატი წარედგინათ.
განცხადების მიხედვით, იურისტმა და ადვოკატმა პაატა შავაძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა. იურისტი და ადვოკატი ვიქტორ ახალბედაშვილი კი ა.ი.პ. “უფლებათა დაცვის ცენტრმა” წარმოადგინა. გარდა ამისა, თანამდებობის დაკავება სურთ:
- გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი, ის აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია – “სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრმა” წარმოადგინეს. გაბიტაშვილს მხარდაჭერა საქართველოს პროკურატურის 463-მა პროკურორმა და გამომძიებელმა გამოუცხადა.
- იურისტი და ადვოკატი დავით ბარბაქაძე, წარადგინა ორგანიზაციამ “მეგობრობის ხიდი – ქართლოსი”;
- იურისტი და ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე;
- იურისტი და ადვოკატი ლაზარე ჯორბენაძე, წარადგინა პარტია “საქართველომ”;
- იურისტი და ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი, წარადგინეს აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა;
- იურისტი და ადვოკატი ანდრონიკ სარიბეკოვი;
- იურისტი და ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე, წარადგინა 6-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ;
- იურისტი და ადვოკატი, დარეჯან ბუცხრიკიძე;
- იურისტი და ადვოკატი ლალი ბუნტური, წარადგინა მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება “საქართველომ”.
საბჭოსთვის წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე http://pc.gov.ge/ აიტვირთება.
ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.