ფრაქცია „ქართულმა ოცნება“ „ამნისტიის პროექტს“ აინიცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
როგორც პროექტში წერია, ამნისტია შეეხება 2024 წლის 1 ივლისამდე ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდებულები სასჯელისგან სრულად გათავისუფლდებიან ან შეუმცირდებათ 1/2-ით, ან 1/4-ით. სასჯელის 1/6-ით შემცირება კი შეეხება სსკ-ის 225 მუხლს.
ჯამში სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება სისხლის სამართლის კოდექსის 291 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს შეეხება.
პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს:
პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება;
სასჯელის ½-ით შემცირება;
სასჯელის 1/4-ით შემცირება;
სასჯელის 1/6-ით შემცირება;
და პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
„ამნისტიის პროექტით სიახლის სახით გათვალისწინებული 1/6-ით შემცირების წესი, რაც მაქსიმალურად აფართოებს ამნისტიის ბენეფიციართა წესს“, – აღნიშნავენ კანონპროექტის ავტორები.
კონკრეტული მუხლების ჩამონათვალი, რომლებზეც ამნისტია გავრცელდება, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ვის შეეხება ამნისტია და ვის არა?
ამნისტია არ შეეხება:
მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს;
ნარკორეალიზატორებს;
სქესობრივ დანაშაულებს;
ყაჩაღობას;
ტერორიზმს;
კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულს;
ქურდულ სამყაროს;
კონვენციურ დანაშაულებს;
ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ ცნობით, პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება შეეხება დაახლოებით 7 000 პირს.
რატი იონათამიშვილის თქმით, კანონის პირველი მოსმენით მიღება იგეგმება რიგგარეშე სესიაზე.
მისივე თქმით, კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება საშემოდგომო სესიის ფარგლებში.
„თუ იქნება გამოთქმული არგუმენტირებული შენიშვნები, მზად ვართ მცირე სახის ცვლილებები საკომიტეტო მოსმენის დროს გავიზიაროთ“, – აცხადებს იონათამიშვილი.
პროექტის ავტორები განსაკუთრებულ მადლობას უხდიან შსს-ს, პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებებს, რომელთა მონაწილეობით მომზადდა ამნისტიის პროექტი.