ტრაგედია დატრიალდა რაჭაში. 19 ივლისს, ონის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთაგან ერთი არასრულწლოვანია. 2 პირი კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, ბოდეურის ხიდიდან მსუბუქი მარკის ავტომობილი ხევში გადავარდა. 3 ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.
ახალგაზრდები თბილისიდან სტუმრად იმყოფებოდნენ რაჭაში.
როგორც ცნობილია, ერთ-ერთი გარდაცვლილი ლუკა ჯიქურაძეა.
“ტრაგედია ტრიალებს, ინგრევა მთელი ნახალოვკა ამ ბიჭების ცოდვით. სამივე გარდაცვლილი ნახალოვკელია. სოფელ ხიდაშელებში სტუმრად იყვნენ, იქიდან წამოსვლისას მოხდა ტრაგედია. მანქანა ხევში გადავარდა. ორი დღით იყვნენ წასულები.
ლუკა ჩემს ხელში გაზრდილია. ერთი და ჰყავს და ერთი ტყუპი ძმა. ძალიან კარგი და წესიერი ბიჭი იყო. ახლახან მოასვენეს სახლში. საშინელება ხდება აქ” – ამბობს გარდაცვლილი ლუკა ჯიქურიძის ახლობელი.
წყარო: პრაიმტაიმი