სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი, ცნობილი ექიმი დავით თელია გარდაიცვალა. სოციალური ქსელით ინფორმაციას მისი შვილი, დერმატოლოგი ზაზა თელია ავრცელებს.
„გარდაიცვალა მამა – დავით თელია
პანაშვიდი – კვირა, ორშაბათი
გასვენება – სამშაბათი
მისამართი: ა. ანტონოვსკაიას N9ბ“, – წერს ზაზა თელია.
ცნობისათვის, 1994 წლიდან 1996 წლამდე დავით თელია მუშაობდა ალერგოლოგიის კათედრის დოცენტის, 1996 წლიდან პროფესორის, ხოლო 2001 წლიდან კათედრის გამგის თანამდებობებზე. 2001-2003 წლებში მოწვეული პროფესორის სტატუსით ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახ. უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების და გამოთვლიდი მათემატიკის კათედრაზე.
2003-2005 წლებში იყო თსსუ ექსპერიმენტული და კლინიკური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 2005-2006 წლებში სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი.
იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი (1977 წლიდან); ერთი სადოქტოროსა და ოთხი საკანდიდატო დისერტაციის ოფიციალური კონსულტანტი და ხელმძღვანელი; ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომისა. მისი სამეცნიერო შრომები ეხება ალერგოზების ეპიდემიოლოგიას, ბრონქული ასთმის, კვებითი ალერგიისა და ატოპიური დერმატიტის შესწავლას ბავშვთა და მოზრდილთა პოპულაციაში და სხვა. პედიატრი, ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.