ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე საზოგადოებას აფრთხილებს, რომ “ბინები ფურთხით აშენებულ შენობებში” არ შეიძინონ.
გარდა ამისა, გოდოლაძე იმის შესახებაც წერს, არის თუ არა მდგრადი საბჭოთა ანაწყობი ტიპის კონსტრუქციები.
“ახლა რაც შეეხება “ხრუშოვკებს”და საბჭოთა ანაწყობი ტიპის კონსტრუქციების მდგრადობას მიწისძვრის დროს.
ზოგად საუბარს მაგალითით საუბარი სჯობს ბევრად. სპიტაკის მიწისძვრა 1988 წელს მოხდა. ქალაქ გიუმრში 19 000 ადამიანი 25 წამში გარდაიცვალა. სულ 38000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ამ მიწისძვრამ. საბოლოო ციფრიც ყიველთვის არაა ზუსტი. ოჯახები განადგურდა მთლიანად. Ms=6.8. სპიტაკში მაქსიმალურმა აჩქარებამ გრუნტზე 0.7 g -ს მიაღწია.
1991 წლის რაჭის მიწისძვრა. დაიღუპა 270 ადამიანი. ძირითადი მსხვერპლი გამოიწვია მიწისძვრის დროს ჩამოწოლილმა ხახიეთის მეწყერმა, რომელმაც სოფელი მთლიანად დაფარა. მაგნიტუდა Mw=7 !
რაჭის მიწისძვრა სპიტაკის მიწისძვრაზე ძლიერი იყო. მაშ რა მოხდა?! მოსახლეობის სიმჭიდროვე და საბჭოთა ანაწყობი ტიპის კორპუსები, რომლებიც რასაც ჰქვია, “თეძოში გაიშალნენ”! ჰო, საბჭოთა ” ბანძი “ კორპუსბის მსხვერპლი გახდა სომხეთის უდანაშაულო მოსახლეობა, საბჭოთა კორუფციის მსხვერპლი! ერთსართულიანი და ორსართულიანი რაჭა-იმერეთი, კიდევ კარგად გადაურჩა კავკასიის ინსტრუმენტულად რეგისტრირებულ, ყველაზე ძლიერ მიწისძვრას!
ნუ დაუჯერებთ მითებს!”_ წერს გოდოლაძე.