თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ბულგარეთის სკოლებში ლგბტ პროპაგანტის ამკრძალავი კანონპროექტის ირგვლივ, რიგი ევროპარლამენტარების რეაქციებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ბულგარეთშიც, ისევე როგორც საქართველოში, კონკრეტული კანონპროექტები დასავლეთის მაღალი თანამდებობის პირებმა რუსულად შეფუთეს.
„ეს ერთი და იგივე ხაზია. აღნიშნული კანონდმებლობას, რომელიც ეწინააღმდეგება სკოლებში ლგბტ პროპაგანდას, მოყვა შესაბამისი რეაქცია, შეიფუთა, როგორც რუსული კანონი. ჩვენ გვაქვს იგივე გამოცდილება. კანონპროექტი, რომელიც საქართველოში იქნა მიღებული და ეხება გამჭვირვალობას, შეფუთეს პიარულად. სამწუხაროა, რომ ამაში სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები იღებდნენ მონაწილეობას. დასავლეთიდან მაღალი თანამდებობის პირები ამბობდნენ, რომ გამჭვირვალობა ცუდია“,- განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ ბულგარეთში საზოგადოება მიმდინარე პროცესებს სწორად გააანალიზებს.
„ვინმე იფიქრებდა, რომ 2024 წელს გამჭვირვალობაზე იტყოდნენ, რომ ცუდია და რუსულია? დარწმუნებული ვარ, ბულგარეთშიც შესაბამის პასუხს გასცემს საზოგადოება. რაც მთავარია საქართველოში ხალხს აქვს სრული ინფორმაცია, თუ რა ხდება მსოფლიოში, საით მიდის ეს პროცესები. ეს ყველაფერი უნდა შევაჩეროთ. ჩვენ ვიცავთ ყველა ადამიანის უფლებას, განურჩევლად რელიგიისა და სექსუალური შეხედულებებისა. ეს ასეც გაგრძელდება, მაგრამ ამის პროპაგანდა მიუღებელია”, – აღნიშნა კახა კალაძემ.