ქალბატონი დოდო ჭიჭინაძე თავის კოლეგა გიორგი შავგულიძეს ხშირად იხსენებდა. ბატონი გიორგი იუმორის არაჩვეულებრივი ნიჭით გახლდათ დაჯილდოებული.
“სურათს “დავით გურამიშვილი” ვიღებდით. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში გურამიშვილს (შავგულიძე) ქეთევანისთვის (ჩემთვის) უნდა ეკოცნა.
ჟორა დაიხარა კიდეც, მაგრამ ტუჩები ჩალურჯებამდე მქონდა მოკუმული. რეჟისორმა შავგულიძეს შორიდან დაუყვირა: “რა არის კაცო, ქალისთვის არ გიკოცნია ჯერ?!” “ქალისთვის როგორ არ მიკოცნია, მაგრამ ბჟღარტისთვის არა” – მიუგო შავგულიძემ.
საერთოდ, ჟორასთვის სულ ასე “ბჟღარტი” ვიყავი, ჩემთვის არასოდეს შემოუხედავს, როგორც ქალისთვის…
ჟორა შავგულიძე უპატიოსნესი კაცი იყო მეგობრობაში. მიუხედავად იმისა, რომ მილიონი ქალი იყო მასზე შეყვარებული… იმდენად ვუყვარდი და სუფთა იყო ჩემდამი მისი დამოკიდებულება, არასოდეს მიგრძვნია, ქალი თუ ვიყავი მის თვალში. ამიტომ მიყვარდა იგი როგორც ჩემი უფროსი ძმა”.