,,ყველაზე მეტად ამ სტასუსის მეშინოდა, რომ დამეწერა. ყველაზე მეტად მიყვარდა, რადგან ერთად გავიზარდეთ, ერთად ვიყავით ძალიან დიდი ხანი ამერიკაში, ყველაზე მეტად მე ვუგებდი მას და ყველაზე მეტად მე ვარ დღეს დაჩაგრული, რადგან, ყველაფრის მიუხედავად, ვერ გადავარჩინე. ჩემს უფროს შვილსაც მისი სახელი ჰქვია.
ლევან, არ გემშვიდობები, მეც მალე მოვალ შენთან და გავაგრძელებთ აუცილებლად ჩვენს ძმობას. დროებით!
მიყვარხარ ძალიან, ძალიან იცოდე,”- საკუთარ ფეისბუქის გვერდიდან ამ გულშიჩამწვდომი სიტყვებით ემშვიდობება ბიძაშვილს, ამერიკაში მოღვაწე ცნობილ ქართველ მუსიკოსს, წარმოშობით სამტრედიელ ლევან შენგელიას მასთან ერთად გაზრდილი, მამის ძმისშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, ასევე წარმოშობით სამტრედიელი კახა შენგელია.
ცნობილი გახდა, რომ მძიმე სენის შედეგად, რამდენიმე წლიანი ავადმყოფობის შემდეგ, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიო დონის კომპოზიტორი და პიანისტი, ლევან შენგელია. მას მთელი სამტრედია გლოვობს და უთბილესი სიტყვებით ემშვიდობებიან არა მარტო ახლობლები, არამედ უცნობი ადამიანებიც კი, რომლებიც ლევან შენგელიას შემოქმედებას აღფრთოვანებაში მოჰყავდა მუდამ.