უეჭველად დამეთანხმებით, რომ ჩვენ გარემოში ცნება გმირი გაუფასურდა. ამას ძალიანაც ნუ განვიცდით, ყველაფერი დროის ნიშანია და როგორც წესი, გაივლის, გარდა ნამდვილი გმირობისა, რომელიც ნამდვილად არსებობს. ასეთი, მაგალითად, სულ რამდენიმე საათის წინ მოხდა საჩხერეში, სოფელ არგვეთში.
ეს არის ნუგზარ კიპაროიძე.
რიგითი არგვეთელი ბიჭი, რომელიც არცთუ მარტივ ცხოვრებას ებრძვის და ფიზიკურადაც ხშირად შრომობს. თუმცა, ამის მიუხედავად, სოფლის მიტოვება არასოდეს უფიქრია. იქნებ იმიტომ, რომ რაც ახლა მოხდა, ის უნდა მომხდარიყო: მეზობელი, მეგობრის შვილი, 3 წლის დემეტრე კიპაროიძე 18-მეტრიანი ჭიდან უნდა ამოეყვანა. შუადღისას, 3 წლის ბავშვი ჭაში ისე გაუჩინარდა, ამას დიდხანს ვერავინ მოისაზრებდა, თუ არა მართლაც რაღაც სასწაული. მათ შორის, ვერც დემეტრეს ბებია, რომელსაც დედამ სულ რამდენიმე საათით დაუტოვა ბავშვი.
ამჟამად დემეტრეს მდგომარეობა სტაბილურია, ის თბილისშია გადაყვანილი, სადაც მშობლებთან ერთად, ნუგზარ კიპაროიძეც ახლავს. ის გონზე მოვიდა, თუმცა ხელოვნურად აძინებენ, რათა ჯანმრთელობა სწრაფად დაუბრუნდეს. ამიტომ, ამ ამბის შესახებ ოჯახის ახლობელს ვკითხეთ, რომელიც მოუთმენლად ელოდება დემეტრეს გამოჯანმრთელებას:
– არავინ თქვას, რომ უბედურება მხოლოდ უყურადღებობის გამო ხდება. ამ შემთხვევაში მიზეზი ნამდვილად არ იყო უყურადღებობა. პატარა დემეტრე დედამ სულ ცოტა ხნით დაუტოვა ბებიას, აუცილებელი საქმის გამო. ბავშვები სულ ბებიასთან არიან, რომელიც ძალიან ფრთხილი ადამიანია. ოჯახს 4 შვილი ჰყავს. მათთვის რეზინის მინიაუზიც აქვთ შეძენილი, რომ პაპანაქებაში გაგრილდნენ. დემეტრეც მაშინვე ბებიას მიადგა, აუზში ჩავალო. აუზში წყალი, ალბათ, 40 სანტიმეტრზეა, მაგრამ ბებიამ იქაც არ ჩაუშვა კატეგორიულად: დედაშენი როცა დაბრუნდება, აუზში მაშინ ჩადი, თავზე დადგომა არ შემიძლია და ვერ ჩაგიშვებო. წარმოგიდგენიათ? ბავშვი 40 სმ-იან აუზში არ ჩაუშვეს და მეზობლის 18-მეტრიან ჭაში ჩავარდა!