“კავშირის გაწყვეტის უფლების წესი”- ასე ჰქვია ახალ კანონს, რომელიც ავსტრალიაში ამოქმედდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული წესი დასაქმებულ ადამიანებზე ვრცელდება და მათ აძლევს უფლებას, სამუშაო დღის საათების ამოწურვის შემდეგ აღარ უპასუხონ სამსახურთან დაკავშირებულ შეტყობინებებს და ზარებს.
შარშან გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ავსტრალიელები ყოველწლიურად საშუალოდ 281 საათს მუშაობდნენ და მათ ზეგანაკვეთურ შრომას არავინ უანაზღაურებდა. მსგავსი ვითარებაა 20-ზე მეტ ქვეყანაში, ძირითადად ევროპასა და ლათინურ ამერიკაში.
ცნობისთვის, კანონი არ უკრძალავს დამსაქმებლებს სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგ დასაქმებულებთან დაკავშირებას. ამის ნაცვლად, ის აძლევს თანამშრომლებს უფლებას არ უპასუხონ, თუ მათი უარი არ არის მიჩნეული არაგონივრულად.
წესების მიხედვით, დამსაქმებლები და დასაქმებულები უნდა ცდილობდნენ გადაწყვიტონ დავები ერთმანეთთან. თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ავსტრალიის სამართლიანი სამუშაო კომისია (FWC) ერთვება. ამის შემდეგ FWC-ს შეუძლია დაავალოს დამსაქმებელს, შეწყვიტოს დასაქმებულთან დაკავშირება სამუშაო საათების დასრულების შემდეგ და ასევე დაავალოს დასაქმებულს დამსაქმებელთან კომუნიკაციაზე გასვლა, თუ მისი უარი არაგონივრულია.
FWC-ის ბრძანებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს $12,897-მდე ჯარიმა თანამშრომლისთვის ან $94,000-მდე კომპანიისთვის.