“ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის დაკავშირება ოპოზიციური პარტიების მონიტორინგზე იმის დასტურია, რომ დამოუკიდებელი სტრუქტურა ქვეყანაში არ არსებობს. ჩინოვნიკებისა და თანამდებობის პირების კორუფციული საქმიანობით დაინტერესების ნაცვლად, ბიურო ინტერესდება, რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია რომელ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობს” ,_ ამის შესახებ განცხადება ,,ერთიანობა”-,,ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ გააკეთა.
ვასო ურუშაძის განცხადებით, ,,ქართული ოცნების შემოწირულება ათჯერ აღემატება სხვა ოპოზიციური პარტიების შემოწირულებას.
“თითქმის ყველა კომპანია, რომელიც არის ქართული ოცნების შემომწირველი, მონაწილეობს სახელმწიფო შესყიდვებში, სახელმწიფო ტენდერებში, რაც არის კლასიკური გაგებით კორუფცია, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სახეზე სურათი, როცა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით ფინანსური რესურსი მიედინება კერძო კომპანიებში, შემდეგ ეს კერძო კომპანიები მათთან დაახლოებული პირები, დამფუძნებლები, დირექტორები არიან ქართული ოცნების შემომწირველები,. ეს იქნებოდა ჯანსაღი პროცესი, სხვა კომპანიები რომ სწირავდნენ ოპოზიციურ პარტიებსაც და ჩვენ გვქონდეს ჯანსაღი კონკურენტული პოლიტიკური გარემო, რომ ადამიანები და მათ შორის, კომპანიები, მიუხედავად იმისა, მონაწილეობენ თუ არა ისინი სახელმწიფო შესყიდვებში, ღიად და დაუფარავად სწირავდნენ თანხებს ოპოზიციურ პარტიებს, თუმცა ეს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ვერ ხდება. ვერ ხდება იმიტომ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად იყენებს რეპრესიებს იმ ადამიანებისა და იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ცდილობენ მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ პარტიებს, ამიტომ, ჩვენ გვაქვს სახეზე არაჯანსაღი პოლიტიკური გარემო, არაჯანსაღი წინასაარჩევნო კამპანია, სადაც ხელისუფლებას აქვს ყველაფერი: სახელმწიფო სტრუქტურები, სახელმწიფო ორგანიზაციები, მათთან აფილირებული ბიზნესი და არაფერი არა აქვთ ოპოზიციურ პარტიებს, ამიტომ მცდელობა იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა იყოს მიმართული ოპოზიციური პარტიების მონიტორინგზე არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სახელმწიფო სტრუქტურა არ არსებობს. ნაცვლად იმისა, რომ ანტიკორუფციული სამსახური დაინტერესებული იყოს ჩინოვნიკებისა და თანამდებობის პირების კორუფციული საქმიანობით, განსაკუთრებით პოლიტიკური კორუფციის კუთხით, დაინტერესებულია იმით, თუ რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია თანამშრომლობს ოპოზიციურ პარტიებთან და ისედაც მძიმე ფინანსურ და ეკონომიკურ სიტუაციაში მყოფი ოპოზიციური პარტიების მონიტორინგით არის დაკავებული“, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.
ინფორმაციისთვის, დღეს ანტოკორუფციულმა ბიურომ ოპოზიციური პარტიები ფინანსების გაუმჭვირვალობაში დაადანაშაულა.