კურტ კობეინი აშშ-ის, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ აბერდინშია დაბადებული. ამ დასახლებულ პუნქტში მდებარეობს ხიდი, რომლის დასახელებაა Young Street Bridge.
მუსიკოსის შემოქმედების თაყვანისმცემლებს მიაჩნიათ, რომ სწორედ ეს ნაგებობა აღნიშნა კობეინმა თავის კომპოზიციაში “Something in the Way”, რომელიც 1991 წელს გამოშვებულ ალბომში “Nevermind” შევიდა.
ცოტა ხნის წინ, ქალაქ აბერდინის საქალაქო საბჭოს ამ ხიდისათვის კურტ კობეინის სახელის მინიჭების შესახებ უნდა ემსჯელა.
ამ იდეას მრავალი მომხრე ჰყავდა, მაგრამ იყვნენ მოწინააღმდეგეებიც. მათი აზრით “Nirvana”-ს ლიდერის ბიოგრაფიის არასახარბიელო ეპიზოდები ქალაქ აბერდინის რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედებდა.
ამერიკული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ქალაქ აბერდინის საქალაქო საბჭოს სხდომა დათქმულ დღეს ნამდვილად გაიმართა. ხანგრძლივი კამათის შემდეგ მან ხიდისათვის კურტ კობეინის სახელის მინიჭებაზე უარი განაცხადა. ათი ხმიდან მუსიკოსმა მხოლოდ ერთი მიიღო.
საქალაქო საბჭოს წევრების უმეტესობის აზრით, კობეინი საკუთარ ქალაქს პატივს არ სცემდა და ხშირად ნეგატიურ აპექტში მოიხსენიებდა. ამის გარდა მუსიკოსი ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი გახლდათ. ამ ორი ფაქტორის გამო ხიდმა პირვანდელი სახელწოდება უცვლელად შეინარჩუნა.