“ქართულმა ოცნებამ” ამნისტიის კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. 84 მომხრე 0 წინააღმდეგი – საკითხი კენჭისყრაზე რამდენიმე წუთის წინ გავიდა.
პარლამენტის ოფიციალური ინფორმაციით, კანონპროექტით, ამნისტია ცივი იარაღის ტარებისთვის მსჯავრდებულ პირებზე, მხოლოდ გარკვეული დათქმით გავრცელდება.
მომხსენებლის განმარტებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც ჩაიდინეს 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს ცივი იარაღის ტარებას ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის მსჯავრდებული პირის მიერ.
კანონპროექტის თანახმად, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისათვის მსჯავრდებული პირები სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქნება დაზარალებულების თანხმობა.
ასევე, დაზარალებულების თანხმობით გათავისუფლდებიან დოკუმენტის გაყალბებისთვის ბრალდებული პირები.
რაც შეეხება ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულებს – თუ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 265-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენილია ჯგუფურად, მაშინ სასჯელის ვადა აღარ განახევრდება, არამედ შემცირდება 1/6-ით.
კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, ამნისტია ასევე შეეხება დანაშაულის დაფარვისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გათვალისწინებულ სასჯელებს.
მომხსენებლის განცხადებით, რა ვადითაც შემცირდება კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელი, იგივე პროპორციით შემცირდება ამ დანაშაულის დაფარვისთვის ან შეუტყობინებლობისთვის განსაზღვრული სასჯელის ვადა.
პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
უნდა აღინიშნოს, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს არ შეეხება.
ამნისტიის კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, დაახლოებით 1000 ადამიანი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება, ხოლო დაახლოებით 4 800 ადამიანს სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება და ისინიც ეტაპობრივად დატოვებენ პენიტენციურ დაწესებულებებს.
დღესვე, მეორე მოსმენით მიიღეს ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტიც – 81 ხმით, 0-ის წინააღმდეგ.
კანონპროექტების განხილვასა და კენჭისყრას არ დასწრებია ოპოზიციის უმრავლესობა.