რუსული პროვოკაცია ლიეტუვაში – კიანას სარკინიგზო სადგურის საგუშაგოზე გააჩერეს მოსკოვი-კალინინგრადის რეისის სატრანზიტო სამგზავრო მატარებელი, რომელზეც ევროპის ქვეყანაში აკრძალული რუსული სიმბოლოები იყო დატანილი.
კერძოდ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის აღმნიშვნელი სიმბოლოები და წარწერა რუსულ ენაზე რომ “ვილნიუსი რუსეთის ქალაქია”. ლიეტუვის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ცნობით მესაზღვრეებმა მატარებელს მარშრუტის გაგრძელების ნებართვა მხოლოდ წარწერების წაშლის შემდეგ მისცეს. შეგახენებთ, 2022 წლიდან ლიეტუვაში აკრძალულია ე.წ. წმინდა გიორგის ლენტის გამოყენება და ასოები Z და V, რომლებიც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის სიმბოლოდ იქცა.