უფლებადამცველთა გაერთიანება – ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოხატავს შეშფოთებას შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, უფლებამოსილება გაუზარდოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, მეტსახელად – „ხარებას“, რომელიც სანქცირებულია აშშ–ის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკი დარბევების საპასუხოდ.
“2024 წლის აპრილი-მაისში, პარლამენტში ინიცირებული რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დროს, დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გადაჭარბებული რაოდენობით გამოყენების, დიდი რაოდენობით სამართალდამცავთა მობილიზების, სამოქალაქო აქტივისტების და აქციის ორგანიზატორების დევნის, დაკავების და გადამეტებული ძალის გამოყენების ფაქტები არაერთი საერთაშორისო და უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებებში მოხვდა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორინგის ანგარიშების თანახმად, სხვა უფლებადარღვევებთან ერთად, განსაკუთრებით საყურადღებოა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების შემთხვევები. ამ მხრივ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი – ე.წ „ხარებას რაზმი“. გარდა შეკრების დასაშლელად გამოყენებული არაპროპორციული ძალისა, განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევდა აქციის მონაწილეთა მიმართ დაკავების პროცესში, ანდა დაკავების შემდეგ, იზოლატორში გადაყვანამდე, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები.
მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების სასტიკი დარბევების საპასუხოდ, აშშ–ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციერებულთა სიაში შეიყვანა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.[2] მიუხედავად მყარი მტკიცებულებებისა და საერთაშორისო თუ ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების ანგარიშებისა, აღნიშნული მაღალლჩინოსნები კვლავ ინარჩუნენებენ თანამდებობებს. უფრო მეტიც შსს მინისტრის ბრძანების თანახმად, „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“,[3] სანქცირებულ ზვიად ხარაზიშვილს ეზრდება უფლებამოსიულება და იგი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების მართვის ჯგუფების ხელმძღვანელის ფუნქციებს შეითავსებს.[4] ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მსგავსი გადაწყვეტილებები და მათ მიერ წარსულში გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადებები[5], ტოვებს დაუსჯელობის განცდას, რასაც შესაძლოა მომავალში ძალადობის და რეპრესიების ახალი ტალღა მოჰყვეს.
უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აპრილი-მაისის პერიოდში გამართულ საპროტესტო აქციების დროს, დაკავებული დემონსტრანტების რაოდენობამ 300-ს მიაღწია. სახალხო დამცველის რწმუნებულების მიერ წინასწარი დაკავების იზოლატორებში 183 დაკავებული დემონსტრანტი იქნა მონახულებული, საიდანაც ყოველი მეორე, დაკავების პროცესში ანდა იზოლატორში გადაყვანამდე, პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითებდა. გარდა ამისა, დაკავებული პირები უმეტესწილად, ვერ სარგებლობდნენ მინიმალური საპროცესო უფლებებით, სამართალდამცავები არ უმარტავდნენ მათ დაკავების მიზეზს, არ ეძლეოდათ ადვოკატებთან ანდა ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის საშუალება, ზოგ შემთხვევაში მათთვის არ იყო ხელმისაწვდომი დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარება. ასევე ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში არ ქონდათ ინფორმაცია უფლებადამცველებს და ოჯახის წევრებს.
2024 წლის სექტემბრის თვეში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტებზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 140 შემთხვევაზე მიმდინარეობს გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე სსკ 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. აქედან 42 პირს მინიჭებული აქვს დაზარალებულის სტატუსი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უფლებადამცველთა გაერთიანება – ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს:
- სამართალდამცავ ორგანოებს: პატივი სცეს აქციის მონაწილეთა მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ადამიანის უფლებების დაცვასთან შეუთავსებელ და ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე. უზრუნველყოს დაკავებული დემონსტრანტები საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლებით.
- შინაგან საქმეთა მინისტრს: დაუყოვნებლივ შეცვალოს თავისი ბრძანება და გააუქმოს, როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის წარმომადგენლის მონაწილეობა ე.წ. „ტერიტორიულ ჯგუფებში“, ისე საპოლიციო ძალების უფლებამოსილება, მიიღონ ე.წ. „პრევენციული ზომები“ საარჩევნო უბნებთან მშვიდობიანად შეკრებილი ამომრჩევლების წინააღმდეგ.
- 2024 წლის აპრილი–მაისის საპროტესტო აქციების დროს, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებული გამოძიების დასრულებამდე, შეუჩეროს სამსახურეობრივი უფლებამოსილება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ, ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილე – მილერი ლაგაზაურს.
- სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს: ჩაატაროს სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება 2024 წლის აპრილი მაისის თვეში აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე, ვინაიდან ამ უწყების არასათანადო რეაგირება, ასრულებს წამახალისებელ როლს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილ სერიოზულ უფლებადარღვევებზე და სავარაუდო დანაშაულებზე.
- მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და გამოძიების შედეგების შესახებ”,_ ნათქვამია განცხადებაში.