“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი გამართა.
“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისათვის, რომ დღევანდელი ოპოზიცია სრულად არის დამოკიდებული გარე დირექტივებზე და მხოლოდ დავალებებით, ქვეყნის გარედან მიღებული ინსტრუქციებით მოქმედებს. მათ თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ კოლექტიური აგენტურა, რადგან ერთმანეთისგან მხოლოდ საარჩევნო ნომერი და პარტიების ლოგოები განასხვავებთ, შინაარსით და ანტიქართული მიზნებით კი ერთნი არიან.
სააკაშვილისა და გვარამიას შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია. მათ წარსულის ცოდვები იმდენად ამძიმებთ, რომ მწამებელ რეჟიმზე უგონოდ შეყვარებული ადამიანების გარდა, ნეიტრალური ამომრჩევლის მიმხრობას ისინი ვერ ახერხებენ. თუმცა, პატრონებმა აქაც კი სცადეს სისხლიანი ბრენდის, „ნაციონალური მოძრაობის” უკანა პლანზე გადაწევა და მათ ნაცვლად ასევე სისხლიანი აგენტების, გვარამიას, მელიას, ჯაფარიძისა და ხოშტარიას ახალ სახეებად გასაღება. მათ, პარტიას ნომრით 5, თითქმის მთლიანად დაუშალეს რეგიონული ოფისები და გვარამიას გადააბარეს, მაგრამ იმდენად არიან ისინი ერთმანეთთან, ხოლო ყველა ერთად, დანაშაულთან შეზრდილები, რომ ხალხის მოტყუებას მაინც ვერ ახერხებენ.
ისინი არიან ყველა იმ უბედურების შემოქმედნი, რაც საქართველოს 2003-2012 წლებში დაატყდა თავს, თუმცა, მათი დავალებების უსიტყვო შემსრულებლებად ქცევა ნელ-ნელა, მეთოდურად მოხდა.
თავის მხრივ, ეს გამოუცდელი, ამბიციური, მაგრამ ფსევდოლიბერალური ღირებულებების ხიბლში ჩავარდნილი ხალხი თავის დროზე საუკეთესო მასალა იყო პატრონებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლის დროს, სააკაშვილს და მის გუნდს, შეიძლება ვერც კი წარმოედგინათ, რომ მათ უმძიმესი დავალებების შესრულება მოუწევდათ, მათ შორის, საკუთარ ქვეყანაში ომის გაჩაღება და საკუთარი სამხედროებისათვის ომის დანაშაულის დაბრალება, მაგრამ ამ მომენტამდეც მეთოდური მუშაობით მიიყვანეს.
ახალგაზრდების ამ ჯგუფმა, რომელთა მნიშვნელოვან ნაწილს შესაძლოა თავიდან პოზიტიური ენთუზიაზმიც ჰქონდათ, საზოგადოებისა და ქვეყნის მართვა ვერ მოახერხა. სწორედ ამიტომ, ერთბაშად მიღებული, უდიდესი ძალაუფლებით გაბრუებული, გამოუცდელი ადამიანები იყენებდნენ მართვის მარტივ, მაგრამ უსასტიკეს მეთოდებს, რასაც მათ კარნახობდნენ. წამება, მკვლელობა, დაშინება, ბიზნესის რეკეტი, ხალხის დამონება და ზომბირება – ამ ყველაფერს „ნაცმოძრაობა” სწორედ პატრონების კარნახით, ხელისუფლების გასამყარებლად და შიშის დასათესად აკეთებდა. ამას მოჰყვა როგორც გახსოვთ 7 ნოემბერი, ქართველი ხალხის პროტესტი და ვადამდელი არჩევნები, რომელიც მარცხის მიუხედავად, სააკაშვილმა გამარჯვებად გაიფორმა და შემდეგ ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში გახვია.
ცხადია, არ შეიძლება ნაცმოძრაობის რეჟიმს რაიმე სახის გამართლება ჰქონდეს, მაგრამ ისიც სიმართლეა, რომ ეს ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ ჩაითრიეს სამშობლოს წინააღმდეგ აგენტურულ ავანტიურაში და მხოლოდ ყველა ბინძურ და კრიმინალურ საქმეზე მოაწერინეს ხელი საბოლოოდ. ცალსახაა, რომ სააკაშვილს და მისი ბანდის წევრებს 2003 წელს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რამდენად მძიმე დავალებების შესრულება მოუწევდათ, ამიტომ ამ გარემოებამ შესაძლოა “ნაცმოძრაობის” რეჟიმის გასამართლების პროცესში მათთვის შემამსუბუქებელი როლიც კი ითამაშოს.
სწორედ იმიტომ, რომ ვერაფრით ხერხდება საზოგადოების თვალში სააკაშვილი-გვარამიას პოლიტიკური კოლაბორაციის რეაბილიტაცია, კოლექტიური აგენტურის პატრონებმა, საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, აქტიური მუშაობა დაიწყეს ხაზარაძის და გახარიას პარტიების წარმოსაჩენად, თითქოს ისინი დისტანცირებულები არიან „ნაციონალური მოძრაობისგან” და ახალ, მესამე პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენენ. ამ კოლექტიური აგენტურის მთავარი მიზანი ის გახლავთ, რომ საზოგადოების თვალში კომპრომეტირებული და რეპუტაციაშელახული „ნაციონალური მოძრაობის” მიღმა შეიქმნას პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეფუთავენ როგორც ახალ პოლიტიკოსებს და ასე ეცდებიან ხალხის მოტყუებას.
მართალია, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს, კარგად არჩევს აგენტს ეროვნული ინტერესებით მოქმედი პოლიტიკოსისგან, კარგად იცის შავის და თეთრის გარჩევა და არც პოლიტიკური ალღო აკლია, მაგრამ მაინც უნდა გავიხსენოთ კონკრეტული ფაქტები ხაზარაძის და გახარიას შესახებ.
მამუკა ხაზარაძე, „ნაციონალური მოძრაობის” დიდი ხნის მოკავშირე, ე.წ. მოლარე და მათ მიერ, ადამიანებისთვის წართმეული ბიზნესების დამპატრონებელია. როდესაც კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვა ჯალათები, ქართველ ბიზნესმენებს ძარცვავდნენ, ღამის ნოტარიუსებთან წილების გადაფორმება სწორედ ხაზარაძეზე ხდებოდა. საქმეები აქ მრავლადაა. სწორედ ხაზარაძემ გადაიფორმა საქართველოში იმ დროისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია „ელიტ-ელექტრონიქსი”, რომელიც მფლობელს „ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმმა წაართვა. სწორედ ხაზარაძემ გადაიფორმა საკუთარ თავზე ბანკი „კონსტანტა”, რომელიც ასევე რეჟიმმა წაართვა მფლობელებს. კიდევ უფრო მძიმეა კომპანია „მაგნატის” საქმე, რომლის მფლობელი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააპატიმრეს, მისი მრავალმილიონიანი ქონება და ბიზნესი ასევე საბოლოოდ ხაზარაძის ხელში აღმოჩნდა. მის კისერზეა საქართველოში ათიათასობით სახლწართმეული, გამოსახლებული ადამიანის ბედი, მათთვის წართმეული ქონება და ქუჩაში, ბედის ანაბარა დატოვებული ოჯახები. მაშინ, როდესაც რეჟიმი ხალხს ძარცვავდა და ქუჩებში კლავდა, მამუკა ხაზარაძე, რამდენიმე ერთეულ პრივილეგირებულ ბიზნესმენთან ერთად განუსაზღვრელად მდიდრდებოდა. სააკაშვილმა მას დაუფასა ერთგულება და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითაც დააჯილდოვა. დღეს, ხაზარაძე, ისევე როგორც სააკაშვილი, გვარამია და სხვა კოლექტიური აგენტურა, პატრონების უსიტყვო მორჩილებაშია. ხაზარაძემ ზუსტად იცის, რა დავალებებს მიიღებს ის პატრონებისგან. მას გაცნობიერებული აქვს, რომ თუ სასწაული მოხდება და ხელისუფლებაში როგორღაც მოვა, ქვეყანა ომის ქარ-ცეცხლში უნდა გახვიოს, მაგრამ ეს მისთვის ვერ იქცა დაბრკოლებად, რომ ამ ღალატზე ხელი აეღო. სწორედ ამიტომ, „ნაციონალურ მოძრაობაზე”კიდევ უფრო საშიში და მიუღებელი სწორედ ეს ადამიანია, რომელიც, მასზე გამოცდილ აგენტებთან ერთად ცდილობს ხალხის მოტყუებას, თითქოს არაფერი აკავშირებს არც გარე ძალებთან და არც მის საყვარელ წარსულ ხელისუფლებასთან.
არანაკლებ და შეიძლება კიდევ უფრო მკაფიოდ არის ეს ყველაფერი გახარიას შემთხვევაშიც. მოვლენათა ქრონოლოგია და გახარიას გადაწყვეტილებების ჯაჭვი მარტივად ადასტურებს, რომ ის არაფრით განსხვავდება კოლექტიური აგენტურის რიგითი წევრებისგან. დავალებებს ისიც საერთო პატრონისგან იღებს და უსიტყვოდ ემორჩილება. „ქართული ოცნების” ხელისუფლებაში, საკვანძო თანამდებობებზე ყოფნის დროს, მან არაერთხელ სცადა და მიზანმიმართულად დააზიანა ხელისუფლების იმიჯი, რაც ცხადია, ქვეყნის გარედან მიღებული დავალების შესაბამისად გააკეთა. მაგალითად, ყველასთვის მოულოდნელად ეს გახსოვთ თქვენ კარგად, შევარდა ღამის კლუბებში ნარკორეალიზატორების დასაკავებლად, სადაც ისინი ვერ აღმოაჩინა. სამაგიეროდ, ხელისუფლება და პოლიცია აღმოჩნდა დამნაშავე. შემდეგ, მომიტინგეების წინაშე სწორედ პოლიციელების და პოლიციის სახელით ბოდიში მოიხადა და სამართალდამცველთა იმიჯი დააზიანა. პანკისში, სადაც ქვეყნისათვის საჭირო ჰესის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, მიზანმიმართულად, სპეცრაზმი და მოსახლეობა ერთმანეთს ისეთი ფორმით დაუპირისპირა, რომ სწორედ სპეციალური დანიშნულების რაზმი დარჩა შეურაცხყოფილი, რაც მასზე გაცემული კონკრეტული დავალება იყო ასევე. შესაბამის პირებთან შეუთანხმებლად ჩაატარა სპეციალური ოპერაცია მესტიაში, ესეც გახსოვთ ალბათ, ხალხს პოლიციის ძალით დაერია და რომ არა ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა უსწრაფესი რეაგირება, კონფლიქტი შეიძლებოდა მსხვერპლითაც დასრულებულიყო. აქაც, გახარიას მთავარ მიზანს მოსახლეობის თვალში პოლიციის დისკრედიტაცია წარმოადგენდა. გახარიას მოღალატეობრივი ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა ჩორჩანას ინციდენტი, რომელიც მაშინვე ნაცმოძრაობამ ნაკლებად შეიმჩნია, ესეც გახსოვთ და მათმა ტელევიზიებმა და მათმა მედია საშუალებებმაც. ისე, რომ გუნდის არც ერთ წევრთან, შესაბამის ორგანოებთან კიდევ უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საკითხი არ შეათანხმა, ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, პატრონების დავალების შესაბამისად, გამყოფ ხაზთან პოლიციის საგუშაგო დადგა. მან ამით გაუგონარი პროვოკაცია მოაწყო, რასაც რუსეთის მხრიდან მოჰყვა უმძიმესი პასუხი:
მათ ადგილზე, ოკუპანტებმა, გახსნეს სამჯერ მეტი საგუშაგო, წაიღეს კიდევ უფრო დიდი ტერიტორია, სოფელ ჩორჩანას მოსახლეობამ დაკარგა ტყე, რომლითაც ისინი სარგებლობდნენ, სახელმწიფომ მიიღო რეპუტაციული ზიანი. თუმცა, პროვოკაციის მთავარი მიზანი ახალი შეიარაღებული დაპირისპირების ხელოვნურად გამოწვევა იყო, რომელიც დიდი ალბათობით, ფართომასშტაბიან ომშიც შესაძლოა გადაზრდილიყო. ეს ქმედება შეგვიძლია განვიხილოთ სავარაუდო პროვოკაციის მინიმოდელად, რასაც ხელისუფლებასთან გაკარების შემთხვევაში ის აუცილებლად ჩაიდენს. საკვანძო მომენტი იყო ასევე 20 ივნისის მოვლენებიც, რომელიც ასევე ძალიან კარგად გახსოვთ თქვენ ყველას, როდესაც პოლიცია პარლამენტის წინ ისეთ ადგილას განალაგა, რომ აგრესიულ მომიტინგეებთან დაპირისპირება იყო გარდაუვალი, რასაც რეზინის ტყვიების გამოყენებაც მიაყოლა. გახარიასთვის მთავარი დავალება აქაც ხელისუფლების და პოლიციის დისკრედიტაცია იყო, რაც იმ ეტაპზე წარმატებით შეასრულა.
ცხადია, ადამიანს გაუჩნდება შეკითხვა – თუ ამ ყველაფერს ერთი კაცი აშავებდა, თუ ასე აზიანებდა სახელმწიფოს, როგორ მოხდა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობიდან ის პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა? და ალბათ გაგიჩნდებოდათ თქვენ ეს კითხვა. პასუხი არ არის მარტივი ნამდვილად, თუმცა ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ ჩვენი მხრიდან გახარიას პატრონებთან გადახდილ ერთგვარ ხარკად. თუმცა, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო „ქართული ოცნების” გუნდისათვის, რადგან გახარია ჩამოშორდა მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრობას. სისტემას, რომელიც ქვეყნის სახე უნდა იყოს, ის კი ზემოთჩამოთვლილი, გამიზნული პროვოკაციებით რეპუტაციულად მიზანმიმართულად ანგრევდა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისეთი ძალები უჭერდნენ მხარს გახარიას, არათუ მაშინ, ჩვენი გუნდი დღესაც უწევს ანგარიშს ამ ძალებს და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველაფრის მიუხედავად, მათთან ღრმა კონფლიქტში არ შევიდეთ.
იმის შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრობიდან “ნაციონალური მოძრაობის” მაშინდელი თავმჯდომარის, ნიკანორ მელიას გამო გადადგა, საზოგადოებამაც უკვე ყველაფერი ნათლად დაინახა – გახარიას დავალება იყო ხელისუფლების ჩამოშლა. მას უნდა ეჩვენებინა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები იყო მთლიანად მორღვეული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერ უნდა შეესრულებინა, ვერ უნდა აღესრულებინა კანონი, ანუ ვერ დაეკავებინა მელია. გახარია ისტერიულად ითხოვდა 2 დღეს, იმავე ვადას, რაც სააკაშვილს შემდგომ, 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ქვეყანაში ბორანით შემოსაპარად დასჭირდა და შემიძლია აქვე დავამატო, შეგიძლიათ თქვენ თვითონაც გაიხსენოთ, სად იყო მაშინ სააკაშვილი, იმ დღეებში, როცა გახარია ისტერიულად ითხოვდა 2 დღეს.
საბედნიეროდ, გახარიას და მისი პატრონების გეგმა მაშინ არათუ გაიშიფრა, არამედ მოხერხდა ამ გეგმის აღკვეთა და პროვოკაციის თავიდან არიდება. შეჯამებისთვის უნდა ითქვას, რომ თუ სააკაშვილი და მისი გუნდი პატრონებმა ნელ-ნელა, ეტაპობრივად ჩაიყენეს სამსახურში და უამრავ უსასტიკეს დანაშაულზე მოაწერინეს ხელი, ეს ყველაფერი გახარიას და ხაზარაძის თვალწინ ხდებოდა. მათ კარგად იციან, რა სიმძიმის დავალებებს მიიღებენ და იღებენ, თუმცა წარსულის ცუდი გამოცდილება მათთვის არანაირი დაბრკოლება არ არის. ამიტომ, წარმოიდგინეთ, ერთიც და მეორეც დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული “ნაციონალურ მოძრაობის” ძველი ფლანგი. ერთ-ერთი პირველი და მთავარი დავალება სწორედ ნაცმოძრაობის კრიმინალური წარსულის ჩამორეცხვა და ჟარგონზე რომ ვთქვათ, მათი სამართლებრივი „გაპრავება” იქნება, მათთვის მიცემული დავალება.
საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ კიდევ ერთხელ, კარგად გაიხსენონ და გააანალიზონ ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფაქტები. სააკაშვილიც, გვარამიაც, ხაზარაძეც და გახარიაც ერთი ხელიდან მართული აგენტურაა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ ორი მათგანი, უდიდესი ალბათობით, ბარიერს ვერ გადალახავს, ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ ოთხი აგენტურული პარტიიდან ნებისმიერისთვის მიცემული თითოეული ხმა, გადაჭარბების გარეშე რომ ვთქვათ, არის არა მხოლოდ უდიდესი ხიფათის შექმნა ჩვენი მშვიდობიანი და ღირსეული ხვალინდელი დღისთვის, არამედ ქვეყნის არსებობისთვისაც კი”,_ განაცხადა მდინარაძემ.