ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოში 26 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნების გამო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასასვლელებს კეტავს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიიღეს. გადასასვლელები 25-28 ოქტომბერს იქნება ჩაკეტილი.
“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს პროდასავლური და ნაციონალისტური რადიკალური ძალების მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გამორიცხვის მიზნით, სახელმწიფო სასაზღვრო გამშვები პუნქტების მუშაობა გამარტივებული წესით შეჩერდება 2024 წლის ოქტომბერში.
გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი უშიშროების საბჭოს მდივანს ანატოლი პლიევს დაევალა”,_ ნათქვამია განცხადებაში.