იაპონიის ქალაქ იოკოჰამას მცხოვრები ჰისაიოში ტერამურას კერძო სასტუმრო “ლასტელი” გარეგნულად სხვა სასტუმროებისგან არ განსხვავდება, თუმცა “ცოცხალ კლიენტებს” მოთმინებით უხსნიან, რომ აქ “ძალიან ცივა” – საქმე ისაა, რომ თეთრი ქვით ნაგები 18-ადგილიანი ოტელი მხოლოდ მიცვალებულებისთვისაა განკუთვნილი!
თერმორეგულაციისა და შენახვის ავტომატიზებული სისტემებით უზრუნველყოფილ შენობაში მხოლოდ ერთადგილიანი ნომრებია, სადაც “კომფორტულ” მაცივარ-კუბოში ერთი ღამის გატარება 12.000 იენი (160 დოლარი) ღირს.
სასტუმრო სულ დაკავებულია, რადგან იოკოჰამას გადატვირთულ კრემატორიუმებში “მიცვალებულთა რიგებია” და პატრონებს 4 დღით მაინც უწევთ ლოდინი – იაპონიაში საშუალო ფენაც კი ციცქნა ბინაში ცხოვრობს, სადაც მიცვალებულის რამდენიმე დღით გაჩერება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.
სხვათა შორის, ტერამურას მეზობელ შენობაში აქვს მოწყობილი დამკრძალავი ბიუროც. ამიტომ ნომერში მიცვალებულთან “სტუმრად” მისულ ნათესავებს შეუძლიათ არა მარტო “ქელეხის კერძები”, არამედ ბუდისტური რიტუალური მომსახურებისა და დაკრძალვის ტრადიციული აქსესუარები შეუკვეთონ. დაკრძალვა იაპონიაში მთლიანად, დაახლოებით, 16.000 დოლარი ჯდება.
ავტორი