ადამიანის უფლებათა ცენტრმა საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრისას იდენტიფიცირებული დარღვევების და ტენდენციების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
“ადამიანის უფლებათა ცენტრი 2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებს კახეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში აკვირდება. ცენტრის მონიტორები განაწილდნენ საგარეჯოს, გარდაბნის, მარნეულის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში და გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.
13:00 საათისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის სათავო ოფისმა ინფორმაცია მიიღო დამკვირვებლებისგან, რომლებიც იმყოფებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში – მუღანლო, ლამბალო, ქეშალო, დუზაგრამა; ქალაქ მარნეულში და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში; ქალაქ გარდაბანში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ვახტანგისი, ნაზარლო, ქესალო, აღთაკლია; ქალაქ გორში, ჭალის დასახლებაში და გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში: დიცი და აძვი.
ადამიანის უფლებათა ცენტრი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით აკვირდება. თავის მხრივ, არჩევნებს საქართველოში ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის საერთაშორისო დამკვირვებლებიც აკვირდებიან. მათ უწყვეტი კავშირი აქვთ ადამიანის უფლებათა ცენტრის ოფისთან. ადამიანის უფლებათა ცენტრის სადამკვირვებლო მისიაში არის ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, რომელიც არჩევნებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის დამკვირვებლებთან ერთად აკვირდება.
ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა 13:00 საათისთვის დაწერეს 6 საჩივარი და 7 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში.
მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა ხმის მიცემისას კაბინაში ბიულეტენზე ფოტოების გადაღების რამდენიმე ფაქტი, რაც კანონით აკრძალულია. ცენტრის დამკვირვებლების მითითებით, გარდაბანში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ამომრჩევლებს უკანონოდ გადაღებული ფოტოები წააშლევინა. მარნეულის საარჩევნო უბნებზე კი ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.
დამკვირვებლებმა დააფიქსირეს საარჩევნო კაბინაში შესული ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების ფაქტები, როდესაც არაუფლებამოსილი პირები შედიოდნენ მასთან კაბინაში და კარნახობდნენ, რომელი საარჩევნო სუბიექტისთვის მიეცათ ხმა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამაში გადასატანი ყუთის მთლიანობის დარღვევის გამო, დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი და მოითხოვა გადასატან ყუთში არსებული ბიულეტენების ბათილობა.
მთავარ ტენდენციად, წინა არჩევნების მსგავსად, შეიძლება დასახელდეს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის მანძილზე პარტიების კოორდინატორების და აგიტატორების შეკრება და ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვის ხელშეშლა. ამ მხრივ, განსაკუთრებით აქტიურობენ პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობის 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა.
დამკვირვებლებმა დააფიქსირეს კაბინაში ორი ადამიანის შესვლის ფაქტებიც. რამდენიმე საარჩევნო უბანზე, ასევე, კაბინაში დატოვებული იყო გაურკვეველი სახის ფურცლები, რომლებიც დამკვირვებლის მითითების შემდეგ კომისიის წევრებმა გადაყარეს სანაგვე ურნაში.
არჩევნებზე დაკვირვებას ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს როგორც სტატიკური დამკვირვებლების, ისე მობილური ჯგუფების მეშვეობით. მთელი დღის განმავლობაში ორგანიზაციის 20 მონიტორი აკვირდება არჩევნების სხვადასხვა ეტაპებსა და პროცედურებს: საარჩევნო უბნის გახსნას, კენჭისყრას, ხმის დათვლას, შემაჯამებელი ოქმების შევსებას და ა.შ.
არჩევნებამდე ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ შერჩეულ მონიტორებს ჩაუტარდათ ტრენინგი საარჩევნო მონიტორინგის საკითხებზე. არჩევნების შემდეგ ცენტრი გამოაქვეყნებს და გაავრცელებს ანგარიშს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მონიტორინგის შედეგები.
ადამიანის უფლებათა ცენტრი 26 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში მედიისთვის პროაქტიულად გაავრცელებს ინფორმაციას სხვადასხვა უბნებზე გამოვლენილი დარღვევების და ტენდენციების შესახებ. ასევე, ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი დღის განმავლობაში ორ ბრიფინგს გამართავს: 14:00 და 20:00 საათზე”,_ აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი.