საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შედეგები ტოტალურად გაყალბდა.
“გამოყენებული იყო ყველაფერი, რაც შეიძლება გამოიყენო არჩევნების გასაყალბებად. ტექნოლოგია არჩევნების გაყალბების გასათეთრებლად”,_ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ჩატარებულ არჩევნებს რუსული უწოდა.
“წაგვართვეს არჩევნების უფლება, ჩატარდა რუსული არჩევნები, წაგვართვეს არჩევნების ინსტიტუტი. წარმოუდგენელია, როგორი შეიძლება იყოს შემდგომი არჩევნები, თუ არაფერი შეიცვალა”,_ განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა, ხმის მიცემა გაუჭირდათ ემიგრანტებსაც და რაც იქ მოხდა, ეგეც გამოსაკვლევია.
“მინდა ვთქვა, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. არ შეიძლება ამ არჩევნების აღიარება. ამის აღიარება არის რუსეთის მიერ საქართველოს დაქვემდებარების აღიარება. ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში, ამისთვის არ უცხოვრიათ წინაპრებს და არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს ევროპული არჩევანი. მე ვარ ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს მოსახლეობას. მინდა მივმართო მოსახლეობას, ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ არჩევნებს, რუსეთის ამ ფორმით შემოსვლას”,_ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ხვალ საღამოს 7 საათზე რუსთაველის გამზირზე კონსტიტუციის უფლების და მომავლის დასაცავად შეიკრიბებიან. მან მოქალაქეებს მოუწოდა, ხვალ რუსთაველის გამზირზე ამისთვის მივიდნენ.