“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე, გამოეხმაურა ქარდს, რომელიც 2 დღეა სოციალურ ქსელებში ვრცელდება და ამომრჩევლების რაოდენობასა და მოქალაქეების რაოდენობას შეეხება.
მან ინფორმაციას, რომელიც ქარდშია მოცემული, დეზინფორმაცია უწოდა.
“ვიღაცამ თავი შეიწუხა და დეზინფორმაციული ქარდიც კი ააწყო, ამ დონეზე არის ეს დეზინფორმაციული კამპანია აწეული – ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით. ადამიანებმა ელემენტარულად რომ არ იციან, რომ მოსახლეობასა და მოქალაქეობას შორის სხვაობა არის, თან თავად საუბრობენ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებზე და მოსახლეობაში რომ იგულისხმება ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და არიან აღწერილი, ხოლო, მოქალაქეებში იგულისხმება, როგორც საქართველოში მცხოვრები, ისე ქვეყნის გარეთ მყოფი ადამიანები. ეს მარტივი უცოდინარობა იქნებოდა წესით, თუმცა, ამას ვერ დავუშვებთ, სადაც ამ ქარდისთვის იწუხებენ თავს და არითმეტიკას მიმართავენ, დიდი ალბათობით, ძალიან კარგადაც იცოდნენ რა ხდება, ამაზე იყო გუშინ განმარტებები და იუსტიციის სამინისტრო დამატებით განმარტებებსაც გააკეთებს, თუ საჭირო იქნება. ანუ აბსოლუტური ტყუილია, მოსახლეობა ადგილზე სხვა რამეა, მოქალაქე უფრო დიდი ციფრია და ეს დიდი ხანია ყველამ იცის, რომ ამომრჩეველთა რაოდენობასა და ქვეყანაში მცხოვრებ მოსახლეობას შორის არის სხვაობა”,_ განაცხადა პაპუაშვილმა.