ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს, _ იუწყება ipn.ge.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, მნიშვნელოვანია ელჩების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ამ არჩევნებს ოპოზიცია არ იღებს.
„მნიშვნელოვანია ელჩების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო გაყალბებული, ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას და ოპოზიცია ამ არჩევნებს არ იღებს. ძალიან მნიშვნელოვანია [შეხვედრა] ერთი საათით ადრე დიდი აქციამდე, რომელზეც იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა, ვისაც არ სჯერა, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური“, _ განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შესახვედრად, რამდენიმე წუთის წინ მივიდა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძეც. მისი თქმით, არჩევნები არალეგიტიმურია და დიპლომატიურ კორპუსთან სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებენ.
“არჩევნები მიტაცებულია რუსულ სტილში და ამას ქართველი ხალხი არავის აპატებს. ამას გაყალბება არ ჰქვია, ამას ჰქვია სისტემური მიტაცება და ძალიან ბევრი დაღღვევის ფაქტია, რის შესახებაც ინფორმაციას მივაწვდით მეგობრებს“, _ განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე უკვე იმყოფებიან “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია. ასევე, შეხვედრაზე იმყოფებიან “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებიც – გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა.