აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული პირების შესახებ მონაცემები, სიიდან ვადაზე ადრე ამოღების შემთხვევაში, 5 წლის განმავლობაში კიდევ შეინახება. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ბრძანებაშია საუბარი, რომელიც 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა და უკვე ამოქმედდა.
„დამოკიდებულ პირთა სიიდან, პირის შესახებ მონაცემების ვადაზე ადრე ამოღების შემთხვევაში,დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანილი პირის შესახებ მონაცემები ინახება შესაბამისი გარემოების ( მონაცემთა შენახვის ვადის გასვლა/სიიდან მონაცემების ვადაზე ადრე ამოღება) დადგომიდან 5 წლის განმავლობაში,” – ვკითხულობთ დოკუმენტში.
ცნობისთვის, აქამდე ეს ვადა 3 წელი იყო და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში არსებული მონაცემები, 3 წლის ვადით ინახებოდა.
თავის მხრივ, დამოკიდებულ პირთა სია გულისხმობს აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზას. ამასთან, დამოკიდებულ პირთა სიაში დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა.
ბრძანების მიხედვით, დამოკიდებულ პირთა სიაში მოქალაქის შესახებ მონაცემები შეტანება 5 წლის ვადით. ხოლო, დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემების ვადაზე ადრე ამოღება ხდება შემოსავლების სამსახურის მიერ, რასაც საფუძვლად სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ედოს.