“ეს ვიზიტი მიანიშნებს იმას, რომ ქვეყანაში შექმნილია კრიზისული მდგომარეობა, რაც გამოწვეულია იმ არჩევნებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა”, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ევროკავშირის დელეგაციასთან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრა საპარლამენტო არჩევნებს და იმ სიტუაციას შეეხო, რომელშიც ახლა საქართველო იმყოფება.
რაც შეეხება არჩევნების დარღვევით ჩატარების შესახებ საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობას, როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ამასთან დაკავშირებით დეტალური მსჯელობა არ ყოფილა.
“უპირველესად, მათი ვიზიტია მთავარი “მესიჯი”. ასეთი ვიზიტები არ ხდება ჩვეულებრივ, ისეთ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში კრიზისული სიტუაცია არ არის. ეს ვიზიტი მიანიშნებს იმას, რომ ქვეყანაში შექმნილია კრიზისული მდგომარეობა, რაც გამოწვეულია იმ არჩევნებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატარდა. ეს არჩევნები ბევრი პრობლემით ხასიათდებოდა, მათ შორის არის ხმის ფარულობის დარღვევის მასშტაბური პრობლემა, რომელიც კონსტიტუციის საფუძველზე ამ არჩევნებს კანონიერად ვერ თვლის იმიტომ, რომ კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები უნდა იყოს აუცილებლად ფარული. ეს შეხვედრა, ბუნებრივია, ეძღვნებოდა შექმნილ სიტუაციას, იმ მდგომარეობას, რომელშიც ახლა საქართველო იმყოფება”, _ განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
წყარო: on.ge