საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დაწყების მოსამზადებელი სამუშაოები, გურიაში უკვე ჩატარებულია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, გურიის სტატისტიკის ბიუროს უფროსი, ბადრი რამიშვილი, ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ 2024 წლის 14 ნოემბერს, ღამის 12 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე, გაიხსნება თვითრეგისტრაციის პორტალი. აქ, საქართველოში მცხოვრები თითოეული ოჯახის წევრმა უნდა შეავსოს კითხვარი. იქვე ჩაშენებულია ე.წ. გზამკვლევი რგოლის სახით ფუნქცია, თუ როგორ უნდა შეივსოს ეს კითხვარი. ამ ყველაფერს მოახერხებს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ინტერნეტთან წვდომა აქვს.
კითხვაზე, როდის მთავრდება აღწერა და ვინც ვერ მოახერხებს კითხვარის შევსებას, არსებობს თუ არა მისი აღურიცხავად დარჩენის საფრთხე, ბადრი რამიშვილმა განაცხადა:
__აღწერა 14 ნოემბერს დაიწყება და 29 ნოემბერს დასრულდება. არანაირი საფრთხე არ არსებობს. 29 ნოემბრიდან ოჯახებს შინ მიაკითხავენ ინტერვიუერები პლანშეტური კომპიუტერის მეშვეობით. ვისაც თვითრეგისტრაცია უკვე გაკეთებული ექნებათ, ისინი მათ სპეციალურ კოდს წარუდგენენ. ყველანაირად მზად ვართ, რომ მუშაობა გამართულად წარიმართოს. ამ წლის მაისიდან გამოცხადებული იყო ვაკანსიები. შეირჩა 302 აღმწერი და 64 ზედამხეველი. აღწერის ჩამონათვალში მთავარ სამ კითხვაზეა პასუხი გასაცემი: 1. საცხოვრისის შესახებ. 2. პერსონალური კითხვა და 3.სოფლის მეურნეობის კითხვარი, _ თქვა მან.
იმ შემთხვევაში, თუ რაიმე განსაკუთრებული ხელისშემშლელი ფაქტორი აღწერის პროცესს შეაფერხებს, (უკიდურესი უამინდობა ან სხვა რაიმე მოვლენა), აუცილებლად გაგრძელდება აღწერა მომდევნო ეტაპზე, მშვიდ გარემოში.
2024 წლის იანვრის მონაცემებით, გურიის რეგიონში, მუნიციპალიტეტებში ცხოვრობს:
ოზურგეთში 56300 ადამიანი, ჩოხატაურში 17 ათასი ადამიანი, ხოლო ლანჩხუთში 28600 ადამიანი.
აღწერის პერიოდშ ქვეყანაში ამოქმედებული იქნება ცხელი ხაზი: 0322501353 . ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა ექნება, მიიღოს დახმარება.
ამ ეტაპზე, როგორც ბადრი რამიშვილმა გვითხრა, ყველა მოქალაქესთან გაგზავნილია ესემეს შეტყობინება.