თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ და თავიანთ ლექტორებს მიმართავენ.
მოგესალმებით, ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, ვითხოვთ სასწავლო პროცესის აღდგენას, რომელიც გუშინ რექტორმა ჯაბა სამუშიამ თვითნებურად სრულად შეაჩერა. ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია საუნივერსიტეტო სივრცეში მყოფი სტუდენტებისა და ლექტორების მიწისქვეშა გვირაბით გაყვანა და მათ ზურგსუკან უნივერსიტეტის კარის ჩარაზვა.
ვგმობთ სამართალდამცავების მიერ საქართველოს ნათელი მომავლისთვის მებრძოლი სტუდენტების წინააღდმდეგ განხორციელებულ ძალადობას. ჩვენი უნივერსიტეტი არამხოლოდ სასწავლო სივრცე, არამედ ჩვენი მეორე სახლია, ამიტომ გუშინდელი ღამე სტუდენტებმა, სიმბოლურად სწორედ უნივერსიტეტისთვის გაათენეს. ჩვენთვის მიუღებელია, რომ ჩვენს სახლში არ გვიშვებენ, რომ ჩვენივე სახლში გვიზღუდავენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და ცდილობენ ცენზურა დაადონ სასწავლო პროცესს.
მივმართავთ ჩვენს ლექტორებს, დადგნენ საკუთარი სტუდენტების გვერდით, დაუშვებელია, არ იდგე სტუდენტებთან ერთად ისტორიის სწორ მხარეს, როცა მათ უნივერსიტეტის ეზოში ფიზიკურად და სიტყვიერად უსწორდებიან და არ აძლევენ შენობაში შესვლის უფლებას. გუშინდელ დღეზე პასუხისმგებელია სრულიად რექტორი ჯაბა სამუშია, ამიტომ მოვითხოვთ გაეცეს პასუხი შეკითხვას, თუ რატომ არ გვაძლევენ უფლებას შევიდეთ უნივერსიტეტში.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით სტუდენტური პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც არ აპირებენ შეეგუონ გაყალბებულ არჩევნებს. ვის თუ არა, ჩვენ, სტუდენტებს, ყველაზე კარგად გვესმის, რატომ უნდა ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. სტუდენტებო, მეგობრებო, თანაკურსელებო და არამარტო, შემოგვიერთდით, ახლა მხოლოდ მოქმედებისა და მოძრაობის დროა! უნივერსიტეტი გვეკუთვნის ჩვენ!!!