ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხმა ე.წ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა. პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციული შენობები ოპოზიციურად განწყობილი მომიტინგეებს აქვთ დაკავებული, რომლებიც იქ გუშინ ე.წ პარლამენტის სხდომის ჩაშლის შემდეგ შეიჭრნენ. პროტესტის მონაწილეები ე.წ პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომას მოითხოვენ.
როგორც ტელეგრამარხები წერენ თავად ასლან ბჟანია ამ დროისთვის, არა სოხუმში, არამედ ოჩამჩირის რაიონში, მის მშობლიურ სოფელ ტამიშში იმყოფება, სადაც თავის მომხრეებთან შეხვედრა გამართა, _ იუწყება მთავარი არხი.
“თუ ჩვენ არ დავაბრუნებთ პროცესს სამართლებრივ რელსებზე, ძალიან რთული იქნება სახელმწიფოს შენარჩუნების უზრუნველყოფა… ეს დიდად დააზარალებს ურთიერთობას აფხაზეთსა და რუსეთს შორის.” – განაცხადა ბჟანიამ.
ტამიშში გამართულ შეხვედრაზე ბჟანიამ აღნიშნა, რომ როდესაც მომიტინგეები გაათავისუფლებენ სამთავრობო შენობებს, ის გადადგება. ამასთან მზადაა ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის საკუთარი კანდიდატურა წარადგინოს.
ე.წ. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით შექმნილმა საკოორდინაციო საბჭომ ე.წ სამთავრობო კომპლექსთან ხალხი დღესაც შეკრიბა . მომიტინგეებმა უარყვეს ბჟანიას წინადადება ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ და უარი თქვეს მთავრობის კომპლექსის დატოვებაზე. ოპოზიციის ლიდერებმა შეკრებილებს მოუწოდეს პროტესტი ასლან ბჟანიას უპირობო გადადგომამდე გააგრძელონ.