„ეს ადამიანები არიან მავნებლები, რომლებიც ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ქვეყანა დაეზიანებინათ და ამას ახლაც აგრძელებენ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ოთხი ოპოზიციური პარტიის მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის გაგზავნილი წერილის თემის კომენტირებისას ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, მსგავსი წერილის გაგზავნა არის მოღალატეობრივი ქმედება, რათა ქვეყანა დააზიანონ.
„მსგავსი შინაარსის წერილის გაგზავნა არის მოღალატეობრივი ქმედება. წერილი არ ყოფილა საჯარო და მათივე პარტიის წევრებმა მოგვაწოდეს. ეს ადამიანები თავიანთი ქმედებებით არიან მავნებლები, ყოველთვის ცდილობდნენ და ახლაც აგრძელებენ ქვეყნის დაზიანებას. გავიხსენოთ ასოცირების ხელშეკრულების დადების ფაქტი – ჰქონდათ მცდელობა, ეს პროცესი შეეჩერებინათ. ასევე, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დროს ყველაფერს აკეთებდნენ, რომ საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა არ ჰქონოდათ. იგივე ხდებოდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით – კაბინეტებში დარბოდნენ, რომ როგორმე ქვეყანას აღნიშნული სტატუსი არ მიეღო. ამისთვის ყველა საერთაშორისო პლატფორმა გამოიყენეს. ამ სიბინძურეში ჩართული იყო სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც პირდაპირ აკეთებდა მოწოდებებს, რომ ქვეყანა არ იმსახურებდა სტატუსის მიღებას.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად, ვისაც სამშობლო უყვარს და მისი განვითარება-წინსვლა უხარია, ყველაფერს გავაკეთებთ. პირველ რიგში, შევინარჩუნებთ მშვიდობას და მოვახდენთ ეკონომიკურ განვითარებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.