19 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებული 14 მოქალაქე და აქციის დაშლისას მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო, კლინიკაში მყოფი 2 მოქალაქე მოინახულეს.
“იმ 16 პირიდან, რომლებიც სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს, 10 სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლია.
სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამისი რეაგირება მოახდინა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაიწყოს და წარმართოს ეფექტიანი გამოძიება – ყველა პასუხისმგებელი პირის გამოსავლენად. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია და კადრები გადასცა, რომელშიც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებია ასახული.
სახალხო დამცველის აპარატი, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების ეფექტიანობის შეფასების მიზნით, მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მსვლელობას”,_ ნათქვამია განცხადებაში.