“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, აქციის მონაწილეები დღეს რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით წავლენ პარლამენტისკენ და მთელი ღამის განმავლობაში იქ დარჩებიან.
„დღეს, 24 ნოემბერს, 21:00 საათზე ვიკრიბებით. დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ადამიანები შეიკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოდან ჩამოსულები თავისუფლების მოედანზე.
გავმართავთ მსვლელობას და განვლაგდებით პარლამენტის წინ, სადაც გავშლით კარვებს და მთელი ღამის განმავლობაში ვაპირებთ დარჩენას. იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ თვითმარქვია „ქართულ ოცნებას“, რომ ნებისმიერ შეკრებას, რომელსაც ისინი ხვალ გეგმავენ, საერთო არ აქვს კანონთან, კონსტიტუციასთან, საქართველოსთან და პარლამენტთან. ეს იქნება თვითმარქვია ადამიანების თავყრილობა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია და აღიარება არ ექნება ჩვენი მხრიდან“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ 25 ნოემბერი უქმე დღედ გამოაცხადონ და დღის განმავლობაში შეუერთდნენ პარლამენტის წინ გამართულ აქციას.
„გთხოვთ ყველა პატრიოტ ადამიანს, 25 ნოემბერი გამოაცხადეთ დასვენების დღედ – დაეთხოვეთ სამსახურებში, აიღეთ შვებულება და შემოგვიერთდით მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე აქციაზე, რომელიც იქნება უწყვეტად, საღამოს 21:00 საათიდან, როდესაც მსვლელობა დაიწყება რესპუბლიკის მოედნიდან“,_ განაცხადა გიორგი ვაშაძემ.