ტვ პირველის ინფორმაციით, ინგოროყვას კლინიკაში ტვინის შერყევით, ჭრილობებით და დაზიანებებით მოთავსებული ოპერატორი გიორგი შეწირული ამბობს, თუ როგორ უსწორდებოდნენ მას და “შაბათის ეთერის” გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს ნიღბიანი პირები და როგორ წაართვეს კამერა.
“მე და მაკა ვმუშაობდით რუსთაველზე, მოგვიწია ასვლა ბესიკის ქუჩაზე. ე.წ. “ტიტუშკები” ორ ადამიანს სატიკად უსწორდებოდნენ. 20-30-მდე პირი იყო ნიღბებში და ორ ადამიანს უმოწყალოდ ურტყამდნენ. შემდეგ ჩვენ რომ მივედით და ჩვენი კამერა დაინახეს, გაეშვნენ და ვიღაცა ეძახდა, კარგი ახლა შეეშვითო. მერე გადმოვიდენ ჩვენზე, ჩემსკენ და მაკასკენ წამოვიდა ერთი ნიღბიანი ტიპი და უშვერი სიტყვებით გვლანძღავდა, გვაგინებდა, რომ დაგვეტოვებინა ტერიტორია, თორემ კამერას დაგვიმტვრევდნენ. სიცოცხლის მოსპობით გვემუქრებოდნენ და შემდეგ რამდენიმე ნაბიჯი გადაგა უკან, მერე ცოტა ხანი რაღაცაზე საუბრობდნენ და უცებ მოხდა ყველაფერი. ეს 30 ადამიანი, თუ რამდენიც იყვნენ გამოექანენ ჩვენკენ. მეთქი, უკან სპეცრაზმია და ალბათ გაურბიანთქო და თურმე ჩვენსკენ მოდიან და ჩვენ უნდა გვცემონ, ეგ იყო და კამერა წაართვითო, რომ არ გადამეღო, რაც ხდებოდა იქ და უცებ, წამგლიჯეს ყველაფერი, კაბელიც გაგლიჯეს და დამიწყეს რტყმა, დამაგდეს. მოვასწარი კიდევ კარგი თავზე ხელების შემოხვევა და ვგრძნობდი, რომ ბათინკებს მირტყამდნენ. ისე მაგრად მაჭერდნენ თავზე, კადრებიც ვნახე წეღან და ვიღაცა თურმე ტყუპი ფეხით მირტყამს თავზე. ასეთი არაადამიანობა არ მინახავს. ნუ, ბევრ გადამიღია მაგათი დარბეულებები, ნაცემები, მაგრამ მე დღეს ყველაფერი ჩემს თავზე გამოვცადე”. – ამბობს გიორგი შეწირული.
წყარო: tv pirveli