მედიის სოლიდარობის აქციაზე, „რესპუბლიკის მოედანზე“ შეკრებილმა ოპერატორებმა და ჟურნალისტებმა გზა გადაკეტეს, _ იუწყება ipn.ge.
როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, დღევანდელი შეკრების მიზნაია, რომ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა გამოხატონ.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ მედიის იმ წარმომადგენლების ფოტოები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციების გაშუქების დროს დაშავდნენ.
როგორც „მოამბის“ წამყვანმა, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გუშინ, რაც ჩვენ ვიხილეთ, არის ყოვლად მიუღებელი.
„ჩვენ ვიხილეთ სისასტიკე, წამება. ეს კრიმინალიც აღარ არის, ეს კრიმინალზე უფრო მეტია. ეს არის იმის მცდელობა, რომ საზოგადოებაში დაპირისპირება გაღვივდეს. არა მარტო ჟურნალისტებზე თავდასხმა ვიხილეთ, არამედ სხვა ადამიანებზეც თავდასხმა. ნაცემი პოლიტიკოსი ვიხილეთ, ასევე, თავგატეხილი, დასისხლიანებული მსახიობი.
აუცილებელია საზოგადოების გაერთიანება, აუცილებელია საზოგადოება დადგეს და დაიწყოს ლაპარაკი. აქამდე მივედით იმით, რომ არ ვლაპარაკობთ. არ არის დებატები, დისკუსიები. აუცილებელია, არა პოლიტიკოსებმა, ან რომელიმე ინსტიტუტების წარმომადგენლებმა, არამედ საზოგადოებამაც დაიწყოს [საუბარი]“, – განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა.