სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აქციაზე დაკავებული აქტივისტის ს.ქ.-ს პირადი ცხოვრების კადრების სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე, 46 წლის მამაკაცი დააკავეს.
“2024 წლის დეკემბრის დასაწყისში, ბრალდებულმა, სოციალურ ქსელ Facebook-ის ყალბი მომხმარებლისგან, დაზარალებულის ამსახველი ინტიმური ხასიათის ვიდეო მოიპოვა და 12 დეკემბერს, მისი დამცირების და სახელის შებღალვის მიზნით Facebook-ზე ერთ-ერთ საჯარო პოსტზე, რომელსაც ათასობით ნახვა ჰქონდა, კომენტარის სახით ატვირთა და გაუვრცელა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ინტიმური შინაარსის ვიდეოფაილის სოციალური ქსელით გავრცელებასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძიება მყისიერად წარმართა. ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი იქნა ბრალდებულის ვინაობა და მისი ადგილსამყოფელი. ჩატარდა საცხოვრებელი სახლის და პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებულ მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა გავრცელებული ვიდეოჩანაწერი. ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია განცხადებაში.