12 იანვარს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს. დაკავებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ მზია ამაღლობელი ხელწერილის საფუძველზე გამოუშვეს, თუმცა მალევე ხელმეორედ დააკავეს, _ იუწყება batumelebi.netgazeti.ge.
ამჯერად უცნობია, რის საფუძველზე დააკავა პოლიციამ მზია ამაღლობელი. მისი ადვოკატი, პაატა დიასამიძე ამბობს, რომ მას დაკავებულთან შესვლის საშუალებას აძლევენ.
„დაკავებულთან არ გვიშვებენ ადვოკატებს, ამიტომ მივმართეთ გენერალურ ინსპექციას, თუმცა, რეაგირება არ არის.
პირველი დაკავების შემთხვევაშიც შეფერხდა ადვოკატების შესვლა დაკავებულთან და მეორე დაკავების შემდეგაც არ გვიშვებენ.
რა მუხლით დააკავეს, არ ვიცით, ფაქტობრივი გარემოებები უცნობია ჩვენთვის, რადგან შიგნით ვერ შევდივარ, რომ გავარკვიო“, _ ამბობს პაატა დიასამიძე.
მზია ამაღლობელთან ერთად პოლიციამ კიდევ ორი პირი დააკავა. ასევე, უცნობია, რა გახდა მათი დაკავების მიზეზი.
11-12 იანვარს ბათუმში პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ჯამში 12 ადამიანი დააკავა. აქედან რამდენიმე დაკავებული: ციალა ქათამიძე, ნანა შავაძე და თეონა ბერიძე ხელწერილით გაათავისუფლეს. გაათავისუფლეს მზია ამაღლობელიც, რომელიც მალევე ხელახლა დააკავეს.