“საფუძვლიანი ვარაუდი არსებობს, რომ სასტუმრო შერატონის ადმინისტრაციაზე ზეწოლა მიმდინარეობს, რადგან სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები და სამართალდამცავი ორგანოების ინერტულობა უნდობლობას აჩენს და ყოველწუთიერად ზრდის რისკებს ვიდეომტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც დეფაქტო პრემიერი და სხვა თანამდებობის პირები ღიად და საჯაროდ უკვე კარნახობენ მართლმსაჯულებას, რა მიმართულებით და ვერსიით უნდა წავიდნენ”,_ ამის შესახებ პარტია “გახარაია საქართველოსთვის” აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სიჭინავას განცხადებით, პარტია ითხოვს, რომ სასტუმრომ ჩანაწერი მათ გადასცეს.
“სასტუმრო შერატონისგან ოფიციალურად ვითხოვთ გიორგი გახარიაზე განხორციელებული თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრების ჩვენთვის გადმოცემას, რისი სამართლებრივი უფლებაც გვაქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. კანონს მიღმა მოქმედი რეჟიმი, რომელსაც გაყალბებული არჩევნების შედეგად მიტაცებული ძალაუფლებისა და კონსტიტუციური კურსის შეცვლის გამო ლეგიტიმაციის მწვავე კრიზისი უდგას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე, გადარჩენას ცდილობს. რეჟიმის მარცხი გარდაუვალი იქნება. თავისუფლება სინდისის პატიმრებს!”_ თქვა სიჭინავამ.