ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე, რომელიც ურეკისა და ფოთის მიმართულებით ტრანსპორტის გადაადგილების მთავარი ტრასაა, ქალაქის გასასვლელთან ათეულობით ბუგორი განათავსეს.
_სიჩქარის შემანელებელი ხელოვნური ბარიერები ანუ ბუგორები, უკვე კარგა ხანია გაკეთდა და მაღალი სიჩქარით მოძრავ თავნება მძღოლებს კი „ატორმუზებს“, მაგრამ ეს რაა? კოსტავას ქუჩაზე, ლამის ყოველ 15 მეტრშია გაკეთებული. სახტუნაო მინდორია თუ ცენტრალური ტრასა? მაშინ მოასფალტებული გზა რად გვინდოდა, ყოფილიყო „ოღრომოღრო“, მაინც უნდა ვიხტუნაოთ და დავამტვრიოთ მანქანები, _ ბრაზობენ ოზურგეთელი მძღოლები და „გურია ნიუსთან“ აცხადებენ რომ ამ ბუგორებზე უარესი კიდევ ეს ზებრა-გადასასვლელებია, რომლის ერთი ბოლოდან მეორემდე ქვეითად გადაადგილების შემთხვევაში თუ გააღწიე, უნდა ისკუპო და მოზრდილ ბორცვზე გადახტე ან წინ ცემენტის მცირე თუ დიდ ჯებირს წამოჰკრავ ფეხს და კისერს მოიტეხ…
კოსტავას ქუჩაზე მართლაც ძალზე ახლოა ერთმანეთთან ბუგორები და ზებრაზე გადასასვლელზეც, ქუჩის გადაკვეთისთანავე, წინ ბარიერი გხვდება. ეს ან ბორცვიანი მინდორია, ან ცემენტის ჯებირი.
„გურია ნიუსი“ ოზუგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოდგილეს ნიკა ბოლქვაძეს ესაუბრა. მან ასეთი კომენტარი გააკეთა:
_ზებრაზე გადასასვლელი ნამდვილად გასწორდება, სადაც დეფექტურია. რაც შეეხება ბუგორებს, კი , ერთმანეთთან ახლოა, თუმცა ეს განაპირობა ამ ცენტრალური ქუჩის ორივე მხარეს მდებარე ბევრმა ჩიხმა, შესასვლელმა თუ გამოსასვლელმა. ეს არაერთხელ გამხდარა ტრაგიკული შემთხვვის მიზეზი. ამიტომ , რაკი ჩიხებიდან გამომავალი ბევრი ტრანსპორტი შემოდის ქუჩაზე და აქაც ინტენსიური მოძრაობაა, სხვა გზა არ იყო. ასე გადაწყდა. უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, სხვა გამოსავალი არ მოიძებნა.
_ბატონო ნიკა, ხომ არსებობს ვიდეოსამეთვალყურეო კამერები? სათვალთვალო კამერების დაყენება ხომ შეიძლება?
_ კი, ბატონო და არის კიდეც არაერთგან გაკეთებული. თუმცა რაკი ბევრი ჩიხია, იქედან გამოსულ ან პირიქით, შესულ ტრანსპორტს , არაერთგან მაინც ვერ აფიქსირებს, თორემ ყველა ვარიანტი მოვსინჯეთ. ამიტომ გადაწყდა ყველაზე უმჯობესის გაკეთება _ გვითხრა ნიკა ბოლქვაძემ.
ავტორი