2025 წლის 1-ელი იანვრიდან საჯარო სკოლებში ადმინისტრაციისა და ტექნიკური პერსონალის ანაზღაურება გაიზარდა, მათ შორის სახელფასო ცვლილება შეეხო სკოლის ექიმებსაც… აქედან გამომდინარე, დირექტორებს აქვთ ვალდებულება, ზუსტი საშტატო განრიგები „ესქულის“ ბაზაში ასახონ, სამინისტროსთან შეთანხმებით, რათა ოფიციალურმა სტრუქტურებმა თავის მხრივ უზრუნველყონ ხელფასების გაცემა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სკოლის დირექტორების პლატფორმა დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: სკოლის წესდების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორი შეიმუშავებს სკოლის საშტატო განრიგს, რომელსაც ამავე წესდების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „დ1“ ქვეპუნქტის თანახმად, უთანხმებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შესაბამისად, სკოლების დირექციამ დროულად (ხელფასების დაანგარიშებამდე) უნდა მოახდინოს რეაგირება.
2025 წლის იანვრიდან იზრდება საჯარო სკოლის დირექცია, ადმინისტრაცია, ტექნიკური და სხვა მომსახურე პერსონალის, მათ შორის სკოლის ექიმის/ექთნის (სკოლის ექიმის დარიცხული თანამდებობრივი სარგო – 800 ლარი, ხოლო ექთნის 670 ლარი) და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სპეციალისტების (ფსიქოლოგი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი, ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ჟესტური ენის სპეციალისტი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი) თანამდებობრივი სარგო არანაკლებ 10%-ის ფარგლებში და შესაბამისად, საჯარო სკოლებმა სამინისტროში უნდა წარადგინონ საშტატო განრიგის პროექტები, რომელიც ძალაში შესაძლებელია შევიდეს 2025 წლის პირველი იანვრიდანაც კი.
საშტატო განრიგის შექმნა უნდა განხორციელდეს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) და სისტემაში საშტატო განრიგის შექმნისას/ცვლილებისას საჭიროა ყველა ინფორმაციის და ველის შევსება (როგორიცაა საათობრივი ბადის, სკოლის გასული და მიმდინარე წლის ბიუჯეტის, კლასებისა და მასწავლებლის ხელფასების ველების შევსება), ხოლო საბოლოო შეთანხმება განხორციელდება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eflow) მეშვეობით, კერძოდ, საჯარო სკოლებმა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) სამინისტროსთან შეთანმხებული საშტატო განრიგი უნდა გადააგზავნონ.
წყარო: etaloni.ge