შეურაცხყოფას ადეკვატურად ვუპასუხებთ და მისაღებს მიიღებენ. როდესაც შეურაცხყოფა ოჯახსა და შვილებს ეხება, თმენის ვალდებულება პირადად ჩემთვის მეასეხარისხოვანია. ის, რაც მოხდა, არ არის საამაყო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ, აბუ-დაბაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პირველი ვრცელი კომენტარი, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.
მისი შეფასებით, ეს ყველაფერი მათ წინააღმდეგ დადგმული პროვოკაცია იყო, რომელიც აბუ-დაბის პოლიციამ, პროკურატურამ და სასამართლომაც გაიზიარეს. რაც შეეხება ჯარიმას, ზარქუას თქმით, „მედიაში გავრცელებული ჯარიმის ოდენობასთან შედარებით ბევრად ნაკლები ჯარიმის გადახდა მოუწიათ“.
„ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა აბუ-დაბაში. მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში გვწერდა და გვეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად არის და რომ სწორად მოვიქეცით. ის, რაც მოხდა, არ არის საამაყო, ოჯახის, შვილებისა და ახლობლების შეურაცხყოფაზე, მიუხედავად თმენის ვალდებულებისა, ყოველთვის ასეთი რეაქცია გვექნება, იმიტომ, რომ კაცები და ქართველები ვართ.
ნახეთ პირველ დღეს, საუზმის დროს მცდელობა იყო, რომ პროვოკაცია მოეწყო და მიიღო მისაღები, მაგრამ ვიდეო არ დადო, რადგან არ იყო მისთვის სახარბიელო ვითარება. საოცარია თან მოდიხარ კამერით და თან პოლიციასთან გარბიხარ, როდესაც მისაღებს მიიღებ. ამის შემდეგ, სასტუმროს წინ, როცა ცოლ-ქმარმა დადგა სცენა, ბუნებრივია, პასუხი გავეცით. ეს ცოლ-ქმარი, რაღაც რეჟისურით დადგმული სცენარით, ახერხებდა იმას, რომ ის მონაკვეთი გადაეღოთ და გაევრცელებინათ, რაც სურდათ. შემდეგ მოხდა ის პროვოკაცია, რასაც მოჰყვა ის შედეგი და მოცემულობა.
საკმაოდ მკაცრი კანონები აქვთ, შესაბამისად გამოძიება დაიწყო, ამ საქმესთან დაკავშირებით. იმ სასტუმროში სხვა ქართველებიც ისვენებდნენ, მაგალითად, ის, ვინც თეფში ისროლა. არ ვიცნობთ მას, ეტყობა ამოუვიდა ყელში მათი პროვოკაციები და ისროლა თეფში, რომელიც მოხვდა იქ მომუშავე პერსონალს და ისიც ჯარიმის ქვეშ მოექცა. იმდენად ამოუვიდა ხალხს ყელში ეს პროვოკაცია, თეფშიც კი ისროლეს. არც ვიცნობთ იმ ადამიანს. შემდეგ იყო ჯარიმა და ჯარიმის საფუძველზე მოგვეცა შესაძლებლობა აბუ-დაბი დაგვეტოვებინა. მიუხედავად იმისა, რომ მკაცრი კანონებია, პოლიციამ, პროკურატურამაც და სასამართლომაც კარგად გაიაზრა, რომ ეს ჩვენს წინააღმდეგ დადგმული პროვოკაცია იყო. ჩვენ მესამე დღეა ჩამოსული ვართ. გვეცინებოდა, ეს უსამშობლოები და მათთან აფილირებული ჟურნალისტები და პოლიტოლოგები რომ ამბობდნენ, რომ 1 წელი მიუსაჯეს, 80 ათასი დოლარის გადახდა დააკისრეს… ეს რაღაც სიგიჟე და მარაზმი. არაფერი მსგავსი, ჯარიმა გამოიწერა 10-ჯერ და 15-ჯერ ნაკლები. იქ მეგობრები გვყავდნენ, რომლებმაც ის ჯარიმა გადაიხადეს და შემდეგ ამ 3 თუ 4 ათას დოლარს აქ გადავიხდით, თბილისში ვარ უკვე და რამენაირად მოვახერხებ.
მინდა ყველას ვუთხრა, თმენის ვალდებულება ერთია, მაგრამ როდესაც შვილებს და ოჯახს ეხებიან, იქ ვინმეს რამე გავუტაროთ გამორიცხულია, მომავალშიც გაათმაგებულად მიიღებენ შედეგს. პირველ რიგში, ის ახალგაზრდა შემეცოდა, რომელიც არის უბრალოდ მართული და უსამშობლოები იყენებენ.
ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია ჩვენს წინააღმდეგ იმიტომ, რომ მას ადვოკატები აუყვანეს ჯერ ერთი, მერე გამოუცვალეს. ჯერ თავიდან პრეტენზიები არ მქონდაო, მერე ჯგუფური თავდასხმაო… აქედან იყო მართული და „ემესიჯებოდნენ“. ერთი ის ვიცი, რომ ეს ადამიანი გამოიყენეს, როგორც სხვა ახალგაზრდებს იყენებენ ეს უსამშობლოები. ასევე, ის მარაზმი, რაც შემდეგ სოციალურ ქსელში განხორციელდა ამ უსამშობლოების მიერ, ის დამონტაჟებული ფოტო-ვიდეოები, არ ვიცი რანაირად უნდა მოგივიდეს ეს თავში და განახორციელო, ვინც არ უნდა დაგიკვეთოს. ეს საკუთარ დედებს აჩვენონ და დარწმუნდებიან, რომ ვერ აღზარდეს შვილები, რომ ასეთი შვილები არ უნდა ჰყავდეთ, რომ ასეთ ბინძურ დაკვეთებს ასე ასრულებენ.
იქ დაკავებული აღარავინ არ არის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა კი სოციალურ ქსელში გავრცელდა.
შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.
მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ შემთხვევა წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. ცნობისთვის, პირველად მომხდარი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
სასტუმროში მომხარი ინციდენტის შემდეგ აბუ-დაბის პოლიციამ გამოძიებაც დაიწყო, რის შემდეგაც დაკავებული პირები ჯარისმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.