“ამერიკის ხმა” შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაცია “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტს” [CPJ] დაუკავშირდა. ორგანიზაცია ახლოდან აკვირდება მზია ამაღლობელის საქმეს. კომიტეტის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორი, გულნოსა საიდი ამბობს, რომ მზია ამაღლობელის დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულია და რომ მას ახლა თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო სჯიან.
ინტერვიუ გულნოსა საიდთან მხოლოდ მეტი სიცხადის მიზნით არის რედაქტირებული.
_ მადლობა ინტერვიუსთვის, როგორც იცით, მზია ამაღლობელი 12 იანვრის შემდეგ შიმშილობს. ბევრი ამბობს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მოვისმინეთ ექიმების განცხადებაც, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკული ხდება. რა შეგიძლიათ მზიას დაკავების საქმეზე გვითხრათ?
_ პირველ რიგში, ის, რომ [მზია] პატიმრობაში იმყოფება პრესის თავისუფლების ძალიან სერიოზული დარღვევაა. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს მისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მდგომარეობა შიმშილობის გამო, რომელსაც ის ახლა მიმართავს. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, შიმშილობა ერთადერთი გზაა, იმ მოპყრობის გასაპროტესტებლად, რომელსაც ის იღებს. ეს აშკარად პოლიტიკური და პოლიტიზებული საქმეა.
ის მიზანში ნამდვილად თავისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო ჰყავთ ამოღებული. ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის და საჭირო, აუცილებელი სამედიცინო დახმარება გაუწიონ.
_ რას ფიქრობთ ბრალდებაზე, რომელიც მას აქვს წაყენებული? ის პოლიციელისთვის ხელის გარტყმისთვისაა დაპატიმრებული. მეორეს მხრივ, თბილისში საპროტესტო აქციებზე საპოლიციო ძალებმა და დღემდე ამუცნობმა პირებმა ჟურნალისტებზე იძალადეს, მათ სცემეს, მაგრამ ამ დრომდე არამარტო მათზე თავდამსხმელები არ არიან დაკავებული, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში მოძალადე ოფიციალურად ამოცნობილიც კი არაა. ამ ორი რამის შედარებისას რა შთაბეჭდილება გრჩებათ?
_ რა თქმა უნდა, პოლიციელს არავინ უნდა გაარტყას და ამის საწინააღმდეგო კანონი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უამრავ სხვა ქვეყანაშიცაა. მაგრამ, თუ დავაკვირდებით ამ საქმის დეტალებს- მზიას ორჯერ დაკავებას, ყველაფერს რაც მის დაკავებამდე და დაკავების შემდეგ მოხდა, მოპყრობას, რომელიც მის მიმართ აქვთ- ცხადია, რომ მას კარგად იცნობდა პოლიციის უფროსი, რომელმაც, სავარაუდოდ, მას [მზიას, დაკავების] შემდეგ შეაფურთხა.
მზია ცნობილია თავისი კრიტიკული ჟურნალისტური მასალებით, ის ამიტომაც გამოარჩიეს. შესაბამისად ჩვენი პოზიციაა, რომ ის უნდა გაათავისუფლონ, რათა არ იყოს ისეთ კრიტიკულ მდგომარეობაში, რომლის შესახებაც [მისი ადვოკატები და კოლეგები] საუბრობენ.
მაგრამ, ასევე, თუ ხელისუფლება გააგრძელებს გამოძიებას, ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ [მზიას] მიმართ არ იქნება ასეთი, პოლიტიზებული მოპყრობა, რაც უბრალოდ მისი საქმიანობის გამო აქვთ ახლა. ასევე არ არის საჭირო მისი საპატიმროში დატოვება გამოძიების მსვლელობის დროს. “დანაშაულისთვის” სასჯელი, რომელიც მან ჩაიდინა 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. ეს ნათლად არაპროპორციულია ჟურნალისტის ქმედებასთან შედარებით. ეს ქართველმა მაღალჩინოსნებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმ ზოგად მდგომარეობას, როდესაც იყო არაერთი შეტაკების შემთხვევა მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის და იმ ადამიანებს, რომლებიც მზიას მსგავს პოზიციაში იყვნენ, არ მოექცნენ ისე, როგორც მას ექცევიან ახლა.
_ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში საზოგადოდ ცნობილი ადამიანი შიმშილობს. სხვა შემთხვევებში თითქმის ყოველ დღე ვრცელდებოდა ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ გრძნობდა თავს მოშიმშილე, თუმცა ამ შემთხვევაში ძალიან ცოტა, თითქმის არაფერი ვიცით იმაზე, როგორ გრძნობს თავს მზია ფიზიკურად, ან მენტალურად. როგორ ფიქრობთ, რატომ არ ავრცელებს მთავრობა სიახლეებს? ჟურნალისტებმა ჯანდაცვის მინისტრისგან სცადეს მზიას მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება, მაგრამ მან კითხვები უპასუხოდ დატოვა. რას ამბობს მთავრობის ასეთი დამოკიდებულება?
_ იცით, საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნახევრად ავტოკრატია გახდა. სამწუხაროდ, მოშიმშილე პატიმართან მიმართებაში არსებული ეს ტაქტიკა მსგავსია სხვა ავტორიტარული ქვეყნების ხელისუფლების ციხის ადმინისტრაციისა, მაგალითად, ეს ძალიან ჰგავს აზერბაიჯანის ტაქტიკას. აზერბაიჯანში გვინახავს არაერთი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტები შიმშილობენ. მიმართავენ სხვადასხვა ტიპის ხანგრძლივ, ხანდახან თვეების განმავლობაში შიმშილობას, რადგან ეს ერთადერთი გზაა მათთვის, მათ საქმეებზე ყურადღების მისაქცევად, პროტესტის გამოსახატად იმ ბრალდებებისადმი და მოპყრობისადმი, რაც მათ მიმართ აქვთ.
სამწუხაროდ, ის, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ აზერბაიჯანის მსგავსია და ესეც ძალიან შემაშფოთებელია, რადგან საქართველო ცნობილი იყო, როგორც ყველაზე თავისუფალი ქვეყანა კავკასიაში.
_ თუ არ ვცდები, მზია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი დაპატიმრებული ქალი ჟურნალისტია. ბევრი თვლის, რომ მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. თქვენ უკვე ახსენეთ, რომ დარწმუნებული ხართ, მისი დაკავება ჟურნალისტურ საქმიანობასთანაა დაკავშირებული, მაგრამ მას პოლიტპატიმარსაც უწოდებენ. მისი საქმის დეტალებზე დაყრდნობით, შეგიძლათ, რომ თქვენც იგივე თქვათ?
_ ჩვენ, “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში” არ გვაქვს მეთოდოლოგია, რომლითაც განვსაზღვრავთ არის თუ არა ვინმე პოლიტპატიმარი. მაგრამ თუ გადახედავთ სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებს, როდესაც საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ანუ პირი არის მიზანმიმართულად სამიზნეში ამოღებული თავისუფლების აღკვეთით, დაპატიმრებით ან სხვა უსამართლო მოპყრობით მათი, როგორც ჟურნალისტის, როგორც აქტივისტის, ან უფლებადამცველის საქმიანობის გამო- მაშინ ეს არის პოლიტიკური საქმე და ისინი პოლიტპატიმრები არიან.
ასე რომ, ბევრი ორგანიზაციის მიხედვით, მზია არის [პოლიტპატიმარი]. ბევრი ორგანიზაციაა, მათ შორის, “ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი”, რომლებიც თვლიან, რომ ეს საქმე პოლიტიზირებულია და ის მიზანში ჰყავთ ამოღებული, გამორჩეული ჰყავთ თავისი და მისი კოლეგების ჟურნალისტური საქმიანობის გამო.
ვრცლად: ამერიკის ხმა


































































