აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ კვირაში შეწყვიტა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც ვაშინგტონი ასობით მილიონ დოლარს ხარჯავდა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, რომელიც რუსული დაბომბვების შედეგად დაზიანდა.
ამის შესახებ 28 თებერვალს, პარასკევს, NBC News-მა ორ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლებიც USAID-ის უკრაინის მისიაში მუშაობენ.
ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება „მნიშვნელოვნად შეასუსტებს ადმინისტრაციის შესაძლებლობებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში და რუსეთს მიანიშნებს, რომ უკრაინა და აქამდე იქ ჩადებული ამერიკული ინვესტიციები ჩვენთვის უმნიშვნელოა“.
გარდა ამისა, USAID-მა უკრაინაში თავისი წარმომადგენლობა მნიშვნელოვნად შეამცირა _ 64 თანამშრომლიდან მხოლოდ რვა ადამიანი დარჩება.































































